“ეს წინააღმდეგობაც იმიტომ გამოგვიგზავნა სამყარომ, რომ ეს ამ ადამიანებამდე მივსულიყავით და გვენახა, სინამდვილეში რა რეალობაში უწევთ ცხოვრება” – ნანუკა ჟორჟოლიანი
“გაღატაკებული ადამიანის ყიდვა არის შესაძლებელი ერთ კილო კარტოფილად, ამიტომ, თითქოს ეს პროცესი [სტიქია] უნდა მომხდარიყო იმიტომ, რომ მოქალაქეები ჩასულიყვნენ და ენახათ რა ხდება იქ”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, დიდთოვლობისგან მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრისას ერთ-ერთ ტელეეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, გაბრაზება რეგიონში მცხოვრებ ადამიანებზე არჩევნებში 41-ის შემოხაზვისთვის “სიგიჟეა”, რადგან ისინი “გააღატაკეს” და “გაღატაკებული ადამიანის ყიდვა არის შესაძლებელი ერთ კილო კარტოფილად”.
“ჩვენ სულ ვამბობთ, რომ გვაკლია ინტეგრაცია დედაქალაქის რეგიონთან. ჩვენ არ ვიცით იმ ხალხს რა პრობლემები აქვს, ჩვენ როცა გვწყინს და მათზე ვამბობთ – რატომ შემოხაზე 41, ერთ კილო კარტოფილში რატომ გამცვალე? ვისზე ვლაპარაკობთ ხალხო, კადრები ხომ ნახეთ, ანუ ამ ხალხს ვეჩხუბებით რატომ გაგვცვალეს 41-ზე? სიგიჟეა, ჩვენ არ გვაქვს სწორი წარმოდგენა რა ხდება რეგიონებში, რა სიღატაკეა, როგორ გააღატაკეს – ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ რა, იმიტომ, რომ გაღატაკებული ადამიანის ყიდვა არის შესაძლებელი ერთ კილო კარტოფილად და იმას, ვისაც ეს სახლში აქვს, ვერ იყიდი. ამიტომ, არ ვიცი რამდენად სწორად გაიგებს ამას მაყურებელი, მაგრამ თითქოს ეს პროცესი უნდა მომხდარიყო იმიტომ, რომ მოქალაქეები ჩასულიყვნენ რეგიონებში და ენახათ თავის თვალით რა ხდება იქ, რომ ჩვენ საკითხი ხვალ სწორად დავინახოთ. ის კი არა, რომ შენ კარტოფილის გამო მე რატომ არ შემომხაზე, რეგიონში არის სიღატაკე, არის შიმშილი და ჩვენს ეს წინააღმდეგობაც იმიტომ გამოგვიგზავნა სამყარომ, რომ ეს გადაგველახა და ამ ადამიანებამდე მივსულიყავით და გვენახა, სინამდვილეში რა რეალობაში უწევთ ცხოვრება.
ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული, უმძიმესი პროცესია რაღაცების ხარჯზე, მაგრამ ეს პროცესი უფრო დიდს დაგვანახებს, უფრო სწორად ვიმოქმედებთ, ხვალ უფრო სწორად დავიგეგმებით და უფრო კარგ შედეგსაც მივიღებთ ამ ქვეყნისთვის”, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
