“ქართული ოცნების” მთავრობამ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია შეიმუშავა და გამოაქვეყნა. ის დღეს ირაკლი კობახიძემ წარადგინა. კონცეფციას უცვლელად გთავაზობთ:
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია უმაღლესი განათლების სისტემა საქართველოში დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას აქვს მდიდარი საუნივერსიტეტო ტრადიციები და ჩამოყალიბებულია საკმაოდ მრავალფეროვანი საუნივერსიტეტო სისტემა, საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორც წესი, ვერ უზრუნველყოფენ თანამედროვე სტანდარტების ცოდნის მიწოდებასა და პროფესიული უნარების განვითარებას სტუდენტებისთვის. აღნიშნული გარემოება პრობლემურია იმ თვალსაზრისითაც, რომ ის სამშობლოდან ახალგაზრდების ემიგრაციის წამახალისებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება. გამოწვევების საკმაოდ დიდი მასშტაბის მიუხედავად, სათანადო ხედვისა და მისი თანმიმდევრული განხორციელების პირობებში, სავსებით შესაძლებელია, საქართველოში ჩამოყალიბდეს იმგვარი საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც ქართველ სტუდენტებს თანამედროვე სტანდარტების ცოდნას მიაწვდის და შესაბამისი კომპეტენციით აღჭურავს. უმაღლესი განათლების რეფორმის სწორი ხედვისა და გეგმის შესამუშავებლად, მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს თითოეული გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს ქართული საუნივერსიტეტო სისტემა დგას:
1. უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია.
საქართველოში სტუდენტების 85 პროცენტზე მეტი უმაღლეს განათლებას დედაქალაქში იღებს. აღნიშნული გარემოება იწვევს დედაქალაქის ჭარბ დატვირთვას და ახალგაზრდების აქტიურ მიგრაციას რეგიონებიდან თბილისში, რაც რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტერესების ჭრილში, სერიოზულ გამოწვევად უნდა შეფასდეს. საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურით არასათანადოდ არის დატვირთული ქვეყნის სხვა უმსხვილესი ქალაქები. სათანადოდ არ არის განვითარებული რეგიონებში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და საგანმანათლებლო შესაძლებლობები. გაძლიერებულ მხარდაჭერას საჭიროებს სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო სემინარიები;
2. რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა.
საქართველოში მოქმედებს 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა უნივერსიტეტი გასცემს თანაბარი რანგის დიპლომს საქართველოს სახელმწიფოს სახელით, გაცემული განათლების და კვალიფიკაციის ხარისხი, შინაარსობრივი თვალსაზრისით, თვისებრივად არათანაბარია, რაც უმაღლესი განათლების სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად უნდა შეფასდეს. უმაღლესი განათლების სისტემაში არ არის უზრუნველყოფილი ინფრასტრუქტურული და საკადრო რესურსის ოპტიმალური გამოყენება. კერძოდ, ერთ ქალაქში მოქმედ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში დუბლირებულია ფაკულტეტები, რაც პრაქტიკაში იწვევს არა მხოლოდ რესურსების არაოპტიმალურ და არათანაბარ განაწილებას, არამედ ქმნის იმ პრობლემასაც, რომ თანამედროვე სტანდარტების კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალით სრულად არცერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის უზრუნველყოფილი. ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჭარბი ყურადღება ეთმობა უცხოელი სტუდენტების მოზიდვას, რაც ამცირებს საუნივერსიტეტო რესურსს, რომელიც შესაბამისი მიმართულებით ქართველი სტუდენტების მოსამზადებლად უნდა იყოს განკუთვნილი. სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს შორის ქართველი და უცხოელი სტუდენტების რაოდენობის განაწილებისას, სათანადოდ არ არის დაცული პრინციპი, რომლის მიხედვით ბიზნესი არსებითად კერძო სექტორმა უნდა აკეთოს, ხოლო სახელმწიფო ამოცანების შესრულება არსებითად სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა უზრუნველყონ. უნივერსიტეტში სწავლების ხანგრძლივობა არ არის განსაზღვრული უმაღლესი განათლების მიზნების შესაბამისად. თვისებრივ დახვეწას საჭიროებს უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სისტემა;
3. უსისტემო საკადრო პოლიტიკა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სხვადასხვა სექტორში დაგროვილია არცთუ მცირე რესურსი უნივერსიტეტების მაღალი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალით უზრუნველსაყოფად, უსისტემო საკადრო პოლიტიკის პირობებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეს რესურსი სათანადოდ არ არის გამოყენებული. ლექტორებს შორის ფუნქციების განაწილება არ ეფუძნება რაიმე მწყობრ ლოგიკას და სისტემას. უმეტეს შემთხვევაში, ლექტორები, ფაქტობრივად, არასრულ განაკვეთზე არიან დასაქმებული. დაბალია აკადემიური პერსონალის საშუალო ანაზღაურება. არ არის შექმნილი მწყობრი სისტემა ქართულ უნივერსიტეტებში დეფიციტურ მიმართულებებზე უცხოელი პროფესორების მოსაზიდად;
4. სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობა.
ქართულ უნივერსიტეტებში აკადემიური კვლევის დონე და მასშტაბები არადამაკმაყოფილებელია, ხოლო სწავლება-კვლევის სისტემის ინტეგრაცია ეროვნული სასწავლო სტანდარტების მიხედვით არ არის უზრუნველყოფილი. კერძოდ, ქვეყანაში მოქმედებს სამეცნიერო კვლევის დაფინანსების განცალკევებული სისტემა, რომელიც საუნივერსიტეტო განათლებასთან სათანადოდ არ არის დაკავშირებული; აკადემიურ პერსონალს არ აქვს განსაზღვრული მკაფიო ამოცანები საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში, სამეცნიერო კვლევის განხორციელებასა და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების მომზადებაში. შედეგად, უმეტეს უნივერსიტეტებს არ აქვთ მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამები და სახელმძღვანელოები ძირითად საგნებშიც კი. სამეცნიერო კვლევებისა და დისკუსიების მოცულობა ძალზე მცირეა, რაც ხელს უშლის აკადემიური სტანდარტების დაცვას და ინოვაციური პროცესების ინტეგრირებას საგანმანათლებლო პროცესში;
5. სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის.
უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღებისას, კვოტების რაოდენობრივი განაწილება არ ეფუძნება შრომის ბაზრის არსებული და პოტენციური მოთხოვნების რაიმე სიღრმისეულ ანალიზს. შედეგად, პრაქტიკაში აღინიშნება თვისებრივი რაოდენობრივი შეუსაბამობა უნივერსიტეტების მიერ გამოშვებული სტუდენტების კვალიფიკაციასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის;
6. გაუმართავი დაფინანსების სისტემა.
გადასინჯვას საჭიროებს უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული, საგრანტო სისტემა, რომელიც სათანადოდ არ ითვალისწინებს სხვადასხვა ფაკულტეტის განსხვავებულ ფინანსურ საჭიროებებს და არ არის ორიენტირებული უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე;
7. სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა.
სახელმწიფო უნივერსიტეტები როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში მრავლად ფლობენ შენობა-ნაგებობებს. თუმცა, მათი დიდი ნაწილი სარეაბილიტაციოა და ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი ინფრასტრუქტურა სტუდენტების ინტერესების რეალიზებისათვის, მათ შორის მათი კულტურული, სპორტული და სხვა მსგავსი აქტივობების წასახალისებლად. სტუდენტები არ არიან უზრუნველყოფილი ხარისხიანი და იაფი საერთო საცხოვრებლებით. ზემოაღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია მკაფიოდ განისაზღვროს მიზნები და ამოცანები, რომლებსაც უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია უნდა დაეფუძნოს:
1. უმაღლესი განათლების სისტემის გეოგრაფიული დეკონცენტრაცია.
უმაღლესი განათლების სისტემის დეკონცენტრაციის უზრუნველსაყოფად, უნდა შეიქმნას ქვეყნის მეორე მთავარი საუნივერსიტეტო კერა ქალაქ ქუთაისში. თბილისში მოქმედი უნივერსიტეტების ახალი ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს იმგვარად, რომ დედაქალაქის განტვირთვას და ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი. თბილისისა და ქუთაისის უნივერსიტეტებმა უნდა მოიცვას საუნივერსიტეტო განათლების ყველა ძირითადი მიმართულება – ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ეკონომიკა, სამართალი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, უცხო ენები, პედაგოგიკა, მედიცინა. ორივე ქალაქში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თანაბარი ხარისხის საუნივერსიტეტო განათლება სტუდენტებისთვის ყველა მიმართულებით. ამავდროულად, უნდა გაძლიერდეს რეგიონებში მოქმედი ხუთი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაძლებლობები, მათ შორის მათი ინფრასტრუქტურა. ბათუმის, თელავის, ახალციხის, გორისა და ზუგდიდის უნივერსიტეტები უნდა ჩამოყალიბდეს პროფილურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად, სადაც შესაბამის სპეციალობებზე სტუდენტებისთვის უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს აგრარული და პედაგოგიური ფაკულტეტების გაძლიერებაზე. უნდა გაძლიერდეს თბილისში მოქმედი სამი სახელოვნებო და ერთი სპორტული უნივერსიტეტის შესაძლებლობები, მათ შორის, მათი ინფრასტრუქტურა. უნდა გაძლიერდეს საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო სემინარიების მხარდაჭერა;
2. რესურსების ოპტიმიზაცია და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრება.
საუნივერსიტეტო სისტემაში რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უნდა დაინერგოს პრინციპი: ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი. შესაბამისად, თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს კონკრეტულ უნივერსიტეტებზე, არსებითად, მათი ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში. საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა დაინერგოს 3+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი – მაგისტრატურას. უნდა დაიხვეწოს და მოწესრიგდეს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი. მკაფიო ლოგიკის საფუძველზე უნდა განისაზღვროს ძირითადი და არჩევითი საგნები თითოეული სპეციალობის მიხედვით. უნდა დაიხვეწოს უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სისტემა, რათა სახელმწიფომ სრულად აიღოს პასუხისმგებლობა მისი სახელით გასაცემი დიპლომების ხარისხობრივ გათანაბრებაზე;
3. საკადრო პოლიტიკის დახვეწა.
უნივერსიტეტებში თვისებრივად უნდა გადაიხედოს საკადრო პოლიტიკა. აკადემიური პერსონალის ძირითად ბირთვს უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორები, რომლებიც კონკრეტულ ფაკულტეტებზე სწავლებისა და კვლევის კონკრეტულ მიმართულებებს უხელმძღვანელებენ. თითოეულ მათგანთან უნდა მუშაობდეს ასევე სრულ განაკვეთზე დასაქმებული რამდენიმე ასოცირებული პროფესორი და ათზე მეტი ასისტენტ-პროფესორი. რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს სრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურება. ყველა სხვა პედაგოგი უნივერსიტეტში უნდა საქმიანობდეს ხელშეკრულებით, საათობრივ საწყისებზე. უნდა განისაზღვროს დეფიციტური მიმართულებები, რომლებზეც უზრუნველყოფილი იქნება საუნივერსიტეტო სისტემაში უცხოელი ლექტორების მოზიდვა;
4. სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერება და თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შექმნა.
უნივერსიტეტებში უნდა გაძლიერდეს ქვეყანაში მოქმედი კვლევითი დაწესებულებების შესაძლებლობები და უზრუნველყოფილი იყოს მათი მაქსიმალურად მჭიდრო ინტეგრაცია სახელმწიფო უნივერსიტეტებთან. აუცილებელია კვლევითი საქმიანობის დაფინანსების ახალი სისტემის შექმნა, რომელიც მთლიანად იქნება ორიენტირებული უნივერსიტეტებში კვლევითი საქმიანობის განვითარებაზე და სამეცნიერო დისკუსიების ფართო გაშლაზე. კონკრეტული გეგმის საფუძველზე უნდა შედგეს თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოები ყველა ძირითად და არჩევით საგანში, რაშიც გადამწყვეტი როლი ენიჭება უნივერსიტეტებში სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს;
5. შრომის ბაზრის ანალიზი.
კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე, უნდა განხორციელდეს შრომის ბაზრის სიღრმისეული ანალიზი, რომელსაც დაეფუძნება სახელმწიფო დაკვეთა უნივერსიტეტებზე კვოტების რაოდენობრივი განაწილებისას;
6. დაფინანსების სისტემა.
სრულად უნდა გადაისინჯოს უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემა. უნდა გაუქმდეს დაფინანსების არსებული, საგრანტო წესი და ის სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებულმა მოდელმა უნდა ჩაანაცვლოს. აღნიშნული მოდელის ფარგლებში, განისაზღვრება სახელმწიფო დაკვეთა თითოეული უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო ამოცანებიდან გამომდინარე. ამასთან, სახსრების განაწილებისას, სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული თითოეულ სპეციალობაზე სტუდენტისთვის განათლების მიწოდების საშუალო ხარჯი;
7. ინფრასტრუქტურა.
უნდა შეიქმნას სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში, ისე ქუთაისში სრულფასოვანი საუნივერსიტეტო კერების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნული ინფრასტრუქტურა უნდა მოიცავდეს საგანმნათლებლო და კვლევით სივრცეებს, სტუდენტების კულტურული, სპორტული და სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად განკუთვნილ ობიექტებს, ასევე ხარისხიან და ხელმისაწვდომ საერთო საცხოვრებლებს. ასევე, უნდა განხორციელდეს რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება.
