ეკონომიკის სამინისტრო – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის დამსწრეებს, მათ შორის, საპროტესტო აქციებში მონაწილეებს, შეზღუდული ნებართვების სამართლიანი, ოპტიმალური განაწილებისა და ნებართვების გაცემის წესთან დაკავშირებით გეგმა გააცნეს.
უწყების ცნობით, სააგენტოს ხელმძღვანელობამ გადამზიდველებს, ამ პროცესში მონაწილეობის მიზნით, საერთო ორგანიზაციული ფორმით გადამზიდველთა კონსოლიდირება შესთავაზა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გადამზიდავებმა აქცია შეწყვიტეს და მათი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა სააგენტოსთან კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით.
„ჩვენ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გავაცანით სააგენტოს მიერ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო გადაზიდვებისათვის განკუთვნილი ნებართვის კვოტების დადგენის პროცედურები, ასევე ამავე ქვეყნებიდან შეზღუდული, მესამე ქვეყანაში, ან მესამე ქვეყნიდან გადაზიდვის ტიპის ნებართვების გადმოცემის სირთულეები”, – აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, უკვე 18 მარტიდან ნებართვები განაცხადების საფუძველზე გაიცემა და არა ქოლცენტრის მეშვეობით, შედგენილი სიებისა და გრაფიკის მიხედვით, რათა სააგენტოს მომსახურების ოფისებმა გადატვირთვის გარეშე შეძლონ საქმიანობა. ამასთან, პროცესის სრულად გამჭვირვალობის მიზნით, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სააგენტოს მომსახურების ოფისებში იმ გადამზიდველთა სიები განთავსდება, რომლებზეც ნებართვა გაიცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …