ძვირფასო ქ-ნო ივდით,
გავეცანი სტატუსს, რომლის ერთ-ერთი ადრესატი მეც გახლდით. დიდი მადლობა გულწრფელი სიტყვებისა და კეთილშობილური განზრახვისთვის. განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული მინდა გამოვხატო თქვენ მიმართ.
ჩემს ამგვარ გრძნობებს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება განაპირობებს.
უპირველეს ყოვილისა, თქვენ ჩემთვის გამორჩეული პატრიოტისა და ამ ქვეყნის ღირსეული შვილის – იოსებ ირემაშვილის შთამომავალი ბრძანდებით. როდესაც ჩემი სტუდენტებისთვის სიტყვა „ღირსების“ ახსნა მინდა, ხშირად ვიხსენებ საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატის მიერ მეტეხის ციხეში გამოჩენილ არაჩვეულებრივ სიმამაცეს. მას შუბლზე ჩეკისტის რევოლვერი ჰქონდა მიბჯენილი, მოძალადე მისგან ციხის ეზოს დატოვებას მოითხოვდა, იოსები კი არ შეუშინდა სიკვდილს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სახელდახელოდ შეკრებილ ორკესტრთან ერთად მაინც შეასრულა რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“. მგონი, ტყვეობაში შესრულებული თავისუფლების სიმღერის ხმა ხანდახან ჩამესმის კიდეც.
არ მავიწყდება თქვენ მიერ მოთხრობილი ამბავი ენგელისის ქუჩის მაცხოვრებელთა შესახებ. სოსოსთან დაპირისპირებული სოსოს ქალიშვილს, ყოველდღე შუაში გახვრეტილ პურს რომ ჰკიდებდნენ თოკით კისერზე, რათა რეპრესირებული მამისა და დასუსტებული დედის გოგო შიმშილისა და გარიყულობისგან გადაერჩინათ.
გარდა ამისა, თქვენ ჩვემთვის ძველ ვაკესთან ასოცირდებით. ძველი, ნამდვილი ვაკე, “ახალი ქართველების“ თავდასხმებისგან წაუბილწავი უბანი იყო, სადაც ჩემი ბებია და ბაბუა, მამა და ბიძა, ჩემი ნათლიები თქვენთან ერთად ცხოვრობდნენ და ბედნიერნი იყვნენ უბრალო ცხოვრებით, ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი უანგარო სიკეთით.
არაჩვეულებრივი სიხარული მიპყრობს ხოლმე თქვენი ჩანახატების წაკითხვისას. ვგრძნობ, რომ თქვენი ნაწერების სამყაროში, სადღაც ახლოს ბებიაჩემიც შეიძლება ვიპოვო, ეროსი მანჯგალაძე რომ მიაცილებს ბიბლიოთეკიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე, ბაბუასაც ვხედავ მამაჩემისა და თქვენი საერთო მასწავლებლის, „პეშკას“ საყვედურებს რომ ისმენს ხულიგანი შვილების გამო. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, ,,საკნატუნო ანტიდეპრესანტების“ გადაშლისას „ფრანციაში“ გამომცხვარი ნუშის ნამცხვრის სურნელიც კი მცემს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაბადებიდან რამდენიმე წელიწადში მიწასთან მოასწორეს მთელი თბილისისთვის სანატრელი საკონდიტრო, ჯადოსნური შეხვედრების ადგილი.
მხოლოდ ტანჯული სოციალ-დემოკრატის ანტისტალინური საქმიანობისა და ძველი ვაკისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვის, ჩემი ოჯახისთვის ახლობელი სურათების გაცოცხლების გამო არ მეძვიფრასებით. ჩემთვის ძალიან ნაცნობი და მშობლიურია ის ელვარება, რომლითაც თქვენ სულ მცირე თხუთმეტსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის თაობაზე საუბრობთ ხოლმე. ცხადია, ქართული მწერლობის შესახებ თქვენი რანგის ცოდნა, არ მაქვს, მაგრამ, გავკადნიერდები და ხმადაბლა გეტყვით – მგონი, ჩვენი სიყვარული ქართული სიტყვისადმი მსგავსია, „ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი…“))))). მჯერა, ერთი საგნის სიყვარული ადამიანებს შორის ნათესაობას წარმოქმნის…
მაპატიეთ, გამიგრძელდა, მაგრამ ძალიან მინდოდა ამ სიტყვების თქმა. ახლა საქმეზე გადავიდეთ.
ცხადია, უპირობოდ ვიზიარებ თქვენს პატარა წერილში გამოთქმულ მთავარ მოსაზრებას.
დიახ, საქართველო უიარაღო სამოქალაქო ომის პირობებში ცხოვრობს, ერი გახლეჩილია, დაძაბულობა პიკს აღწევს, პატარა ნაპერწკალს შეუძლია დენთის კასრად ქცეული საზოგადოება მძვინვარე ხანძრად გარდაქმნას.
ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, რომ ასეთ დროს ყველაზე რაინდული ნაბიჯი დიალოგში მონაწილეობა და კომპრომისისთვის მზადყოფნა იქნებოდა.
ქ-ნო ივდით, ამ დაწყევლილი კანონის ხელმეორედ ინიცირების მომენტიდან ვცდილობდი მონაწილეობა მიმეღო საპარლამენტო განხილვებში, „კავკასიურ სახლში“ მომეწვია ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსები თუ ანალიტიკოსები. თითოეულ მათგანს ვთავაზობდი დისკუსიისთვის სრულიად თანასწორ, მშვიდ გარემოს, სადაც მხარეები შეძლებდნენ საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას ურთიერთშეურაცხყოფისა და დამცირების გარეშე.
ჩემი ყველა მცდელობა საშინელი იმედგაცრუებით დასრულდა. სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებმა წიხლი ჰკრეს ჩვენს ყველა წინადადებას, გაუჩინარდნენ, უპასუხოდ დატოვეს შემოთავაზებები. თავიანთი მოულოდნელი გულგრილობითა და დიალოგის უარყოფით, მათ მაგრძნობინეს, რომ აპირებენ კანონის მიღებას ჩვენ შესახებ, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ ჩვენთან მსჯელობის გარეშე.
ეს უპატიოსნო, უსამართლო საქციელია („სანამ სატევარს დამკრავდი, სახელი მაინც გეკითხა“).
სხვათაშორის, თქვენი და ჩემი საერთო ნაცნობის – „უცნობის“ პროდუსერსაც მივწერე, მხოლოდ ერთი მხარის წარმომადგენლებს ნუ ელაპარაკებით, მომეცით საშუალება ჩემი სიმართლეც დავიცვა-მეთქი. დამპირდნენ ამ შესაძლებლობას, მას შემდეგ ორი თვე გავიდა და უარიც კი არ მოუწერიათ, ამის ღირსადაც არ ჩამთვალეს.
ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ბრაზი ციდან არ მოდის, როდესაც კარგი ნაცნობები უბრალო საუბრზეც უარს გეუბნებიან და პირდაპირ ცდილობენ ხელები გადაგიგრიხონ, მაშინ შეუძლებელია აბსოლუტურად მშვიდად უყურებდე ატეხილ ქარიშხალს.
ძვირფასო დეიდა ივდით (ნება მიბოძეთ, ხანდახან ასე მოგიხსენიოთ), მაპატიეთ, არ ვწუწუნებ, არც ამპარტავნება მალაპარაკებს. პატიოსნად ვშრომობ და ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვემსახურები ჩვენს სახელმწიფოს. ამ სიტყვების თქმა შემიძლია თამამად, წარბშეუხრელად… დაწყვევლილი კანონის გამო კი „აგენტისა“ და „მეხუთე კოლონის“ წარმომადგენლის იარლიყი უნდა მომაკერონ მეც და ასობით წესიერ ადამიანსაც. ეს დაუშვებელია, შეურაცხმყოფელია, დამამცირებელია…
არ იფიქროთ, რომ პოლიტიკური საკითხებისა და კანონის დეტალების განხილვა განვიზრახე, ან „ენჯეოშნიკების“ ცოდვებს არ ვიცნობ, უბრალოდ, მინოდადა ჩემი განცდები გამეზიარებინა თქვენთვის. ამიტომ აქ გავჩერდები და თქვენი ნებართვით, ერთ-ორ სიტყვას გეტყვით იმის შესახებ, თუ რას არ ვეთანხმები თქვენს წერილში:
შეძრწუნებული, შეშფოთებული, გულნატკენი ვარ თქვენი ერთი ფრაზის გამო: „… ახალო თაობავ,” სისხლი გიფუისთ”, ახლებურად ჭრით და კერავთ, სამწუხაროდ, სხვა სამშობლოც გაქვთ, სადაც კომფორტი გეგულებათ და იქითკენ მიისწრაფით!“.
არ ხართ მართალი! მწარედ ცდებით!
სხვების რა მოგახსენოთ, მაგრამ მე ერთი დედა მყავს, ერთი მამა, ერთი სამშობლო და ორი და . მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანს ორი სამშობლო ჰქონდეს. შეიძლება ასეთი ფენომენიც არსებობს, მაგრამ ჩემთვის ეს სრულიად უცხო და წარმოუდგენელი მოვლენაა.
