„დათესე“ ორგანული სათესი მასალის ასორტიმენტის გაზრდას და სასაჩუქრე ნაკრებების გაყიდვას გეგმავს

„დათესეს“ ორგანული სერტიფიცირებული თესლები იტალიიდან შემოაქვს და ონლაინ, სოციალური ქსელის საშუალებით ყიდის. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „დათესეს“ დამფუძნებელი მაია ფადიაშვილი ამბობს, სხვადასხვა გრამაჟის თესლის ფასი 3 ლარიდან იწყება. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა რუკოლასა და „ბაზილზეა“ (რეჰანი), სამომავლოდ კი ორგანული, ბიო თესლების ასორტიმენტის გაზრდას და საკუთარი სარეალიზაციო წერტილის გახსნას გეგმავს.
„კომერსანტი“მაია ფადიაშვილს „დათესეს“ ასორტიმენტზე, მოთხოვნაზე, ქვეყანაში ორგანული და ბიო სათესი მასალის პოტენციალზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
როდის შეიქმნა „დათესე“ და როგორია ასორტიმენტი?
მაია ფადიაშვილი, „დათესეს“ დამფუძნებელი: ამ მიმართულებით ფიქრი 2021 წელს დავიწყეთ. იდეა გაჩნდა იქიდან, რომ მოთხოვნა არის ადამიანების მხრიდან, რომ იკვებონ ჯანსაღად. ჯანსაღი კვებას კი განაპირობებს ჯანსაღი პროდუქტი და ჯანსაღი, ორგანული სოფლის მეურნეობაა. სერტიფიცირებული ორგანული თესლი იტალიიდან შემოგვაქვს. იმიტომ, რომ ბიო სერტიფიკატით რომ შემოდის, ძალიან ძვირია და საქართველოს ბაზრისთვის ძვირია. თუმცა, კონკრეტული შეკვეთების შემთხვევაში, სამომავლოდ კიდევ განიხილება.
გაყიდვაში გვაქვს ის თესლი, რაზედაცაა მოთხოვნა. ეს არის რუკოლა, „ბაზილი“ ანუ რეჰანი, კომბოსტო, წითელი და მწვანე ფრანგული კომბოსტო, ბოლოკი და რამდენიმე დასახელების ბოსტნეული. ახალი შეკვეთა ჩამოდის და კიდევ დავამატებთ ბოსტნეულს. ყველა სათესი მასალა, რაც ჩვენთანაა წარმოდგენილი, არ არის ჰიბრიდი და ღია დამტვერვის გზით მიღებული სათესი მასალაა, სადაც ჩარევა არაა განხორციელებული და დაცულია ყველა ის მოთხოვნა, რაც უზრუნველყოფს სათესი მასალის ორგანულობას.
თქვენი დამკვეთები ვინ არიან, ინდივიდუალური პირები ყიდულობენ სათეს მასალას, სათბურები თუ რესტორნები?
მომხმარებლების 99% ფიზიკური პირია. ინდივიდუალური შეკვეთები გვაქვს. სათბურების მხრიდან მხოლოდ დაინტერესების დონეზეა მოთხოვნა, ვინაიდან ჩვენი სეგმენტი ბიო-მებოსტნეობა არაა დიდად ქვეყანაში განვითარებული. შია ბიო-სათბური „ბოსტანი“, რომელიც ბიო მიმართულებით მუშაობს და დაკავებულია სერტიფიცირებული ბიო-მებოსტნეობით. საქართველოში არის „კავკასსერტი“ – მასერტიფიცირებელი ორგანი, რომელსაც აქვს უფლება, რომ კომპანიებს მისცეს ბიო-მებოსტნეობის სერტიფიკატი. „ბოსტანს“ ეს სერტიფიკატი აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ რაოდენობრივად მწარმოებლების დონეზე ეს მიმართულება განვითარებული არ კარგად არის, ჩვენთან შეკვეთებს აკეთებენ ძირითადად ინდივიდუალური პირები რომელთაც უნდათ, რომ თავიანთ ბაღჩებში ჯანსაღი პროდუქტი ჰქონდეთ.
სად იყიდება „დათესეს“ სათესი მასალა?
ამ ეტაპზე ონლაინ ვყიდით. თუმცა, წელს დაინტერესება გაცილებით გაზრდილია. რაც გვაძლევს იმის უფლებას შემოდგომიდან პატარა სარეალიზაციო წერტილის არსებობაზე ვიფიქრო. არ გამოვრიცხავთ, რომ გაჩნდეს ჩვენი პატარა მაღაზია.
რა ღირს თქვენი ორგანული თესლი?
სხვადასხვა გრამაჟია და სხვადასხვა შეფუთვები გვაქვს. 1-გრამიანი პაკეტების ფასი 3 ლარიდან იწყება. დიდ მარცვლიანი თესლის – ცერცვის და მუხუდოს შემთხვევაში 25-30 გრამი ღირს 3 ლარი, ან ცალობით 25-30 ცალი ღირს 3-4-5 ლარი, გააჩნია სააქციო პერიოდია, თუ არა.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
სათესი მასალის სახეობები უნდა გავზარდოთ. შეკვეთა გაკეთებული გვაქვს. ველოდებით მომწოდებლებისგან პასუხს. გვინდა, რომ მეტი დასახელების თესლი გვქონდეს და ნაკრებები გავაკეთო. ევროპაში და შტატებში ძალიან მოსწონს ეს მომხმარებელს – 10-15-20 დასახელების სათესი მასალა იქნება ერთ შეკვრაში. შეიძლება ეს სასაჩუქრედაც იქნება გამოყენებული ან ბაღჩისთვის. რაც სჭირდება ადამიანს და ერთ ოჯახს, ყველა დასახელების სათესი ბოსტნეულის მასალა იქნება ამ შეფუთვაში – ყველა მწვანილი, რაც შეიძლება ჩვენთან მოდიოდეს, დაწყებული ოხრახუშით, დამთავრებული სტაფილოს სხვადასხვა ჯიშებით. მეორეს მხრივ, გვინდა, რომ შეხვედრები ჩავატაროთ მწარმოებლებთან, ფიზიკურ და დამწყებ სასათბურე მეურნეობებთან იმისთვის, რომ მათ ვუბიძგოთ ბიო, ან მინიმუმ ორგანული მებოსტნეობისკენ. იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რაკი მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, ორგანული და ბიო მიმართულება გაცილებით უფრო შედეგიანი და მომგებიანი იქნება.
აივანზე, ქოთნებში შეიძლება ამ სათესი მასალის გაშენება?
ჩვენ დავტესტეთ აივანზეც და სახლშიც. „ბაზილი“ უპრობლემოდ გაიხარებს, რუკოლა უფრო პრეტენზიულია, მაგრამ პირდაპირ მზის სხივებს უნდა მოვარიდოთ, დაიწვება, ვერც ერთი მცენარე ვერ გაუძლებს. „ბაზილი“ ოთახის ყვავილივით, დიდხანს ხარობს, იზრდება და რომ მოწყვეტთ, ახალ ყლორტებს გამოიტანს.