დაზიანებული აქვს ორგანოები, ნეკნები მოტეხილი | ოკუპირებულ გალში მოკლული თემური [ვიტალი] კარბაიას ახლობელი

ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თემურ/ვიტალი კარბაიას მკვლელობაზე საქართველოს მთავრობა დუმს. ფაქტს არ გამოხმაურებია არც პრემიერმინისტრი და არც საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით გუშინ, 10 დეკემბერს, გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, კარბაია ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დოკუმენტების შემოწმების მიზნით გააჩერეს, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, ნაცემი კაცი ჯერ ე.წ. განყოფილებაში წაიყვანეს, შემდეგ კი კლინიკაში. არსებული ცნობებით, საქართველოს მოქალაქე კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა.
ოჯახი ამბობს, რომ ცხედარს მრავალი დაზიანება აღენიშნება. მათი თქმით, პრობლემა ექმნებათ როგორც ცხედრის გადმოსვენებაში, ასევე ოკუპირებულ გალში გადასვლასთან დაკავშირებით, რის გამოც დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.
“როგორც ვიცით, სამი ადამიანი სცემდა, ეს ყველაფერი მოხდა გალში, როგორც გავიგეთ გუშინ ღამე ინფორმაცია, სამივე ადამიანი დაჭერილია. მეტი არაფერი არ ვიცით. [გადაყვანილი სად იყო] მგონი სოხუმის საავადმყოფოში, არ ვიცი. [რა დაზიანებები ჰქონდა] ღვიძლის და ფილტვის, და სასულე არტერიის, 4 ნეკნი ჰქონდა ჩატეხილი გვერდებზე. მილიციელები არიან როგორც ვიცით, უბრალოდ შემოწმების მიზნით გააჩერეს”, – ამბობს ლიზი კირბაია.
მოძრაობა “სთვის” ლიდერი, ნუკრი ნოდია ამბობს, რომ ერთ-ერთი დამნაშავე ალიკა ზარაქუაა, რომელიც ადგილობრივების ინფორმაციით, თავისუფალია.
“ალიკა ზარაქუა ერთ-ერთია მონაწილე იმ ინციდენტის, არის თავისუფალი, გუშინ, გვიან ღამით, ის იყო შემჩნეული გალის რაიონში, ის მოძრაობდა თავისი კუთვნილი ავტომობილით, ეს იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებული რეჟიმი აგრძელებს დაუსჯელობის სინდრომს და ისინი აგრძელებენ და ახალისებენ ამ ყველაფერს. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, სამი მილიციელი იყო დაკავებული და განთავისუფლებული შემდგომ”, – ყვება ის.