დავით ბერძენიშვილი – ბელეტრისტიკაა საუბარი იმაზე, რომ აშშ-ის ჩანაცვლება ან მისი გაზავება ჩინეთით შეიძლებოდეს – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არის აშშ და ევროკავშირი

სანამ საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის სტრატეგიული ამოცანა, მანამდე სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი – ბელეტრისტიკაა საუბარი იმაზე, რომ სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის ჩანაცვლება ან მისი გაზავება ჩინეთით შეიძლებოდეს, ეს ობიექტური რეალობის ასახვა არ არის, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის.
„ჩინეთთან მოსალოდნელი იყო უვიზო რეჟიმი, რადგან ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლია, ალბათობა, საკმაოდ მაღალი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეებსაც შეეძლებოდათ. თავისთავად უვიზო მიმოსვლა კარგია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეებს ტურისტებად წასვლა შეეძლებათ, ბევრი ამას არ ისარგებლებს, მაგრამ ვინც ისარგებლებს თავისთავად ეს ნორმალურია. ძალიან მეტაფორულად ჟღერს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, არავითარი სტრატეგიული პარტნიორები ჩინეთის ჩვენ არ ვართ, ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არის ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, რაც ირაკლი კობახიძის ინიციატივით ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
გარდა ამისა, ბერძენიშვილმა გადაცემაში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნების დღეს ევროპიდან ბევრი სადამკვირვებლო მისია იქნება, რომლებიც პროცესებს აქტიურად დააკვირდებიან.
„მეტი ევროპა საქართველოში. საქართველოს ახალი სტატუსი, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისა, რა თქმა უნდა, ახალ რეალობაში გვამყოფებს და ამიტომ საარჩევნო მონიტორინგი იქნება გაცილებით უფრო არსებითი და ყოვლისმომცველი, ვიდრე აქამდე იყო. საქართველოში ბევრი დამკვირვებელი არჩევნების დღეს იქნება.
მაშინ როდესაც ბრიუსელში, ს მისი პირველი ვიზიტისას პრემიერის რანგში ევროკავშირის და ნატო-ს ყველა პირველი პირი შეხვდა, პარალელურად, აქ, საქართველოში მისი მოკავშირეები, მისი წრის ადამიანები პარლამენტში მე-3 მოსმენით იღებდნენ დრაკონულ შესწორებას საარჩევნო კანონში ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, როდესაც ოპოზიციის რაღაც ეფემერულ წარმომადგენლობას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმასაც კი ერჩოდნენ, აქრობდნენ და კიდევაც გააქრეს. ამიტომ პარალელური პროცესი იქნება, ევროპა ეცდება მეტ კონტროლს, საქართველოს ხელისუფლება ევროპული სტატუსით ეცდება თავი დაიცვას ევროპული კონტროლისგან. ხელისუფლება ეცდება არჩევნები გააყალბოს, ხოლო დასავლეთი ეცდება მას ამის საშუალება არ მისცეს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება ქართველი ამომრჩევლის აქტიურობა. დიდი რაოდენობით ამომრჩეველი თუ მივა იმხელა იქნება უპირატესობა ჯამურად ოპოზიციის, რომ არჩევნების გაყალბება იქნება შეუძლებელი, თუ ოპოზიცია არ გაანიავებს ოპოზიციური ამომრჩევლის ხმებს და 5%-ს ქვემოთ არ დატოვებს ორნიშნა შედეგს“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილის თქმით, „პატარების დიდი გაერთიანება არის გამარჯვების ფორმულა“.
„ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავ პოზიტიურ ტენდენციებს სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფების, ძველი და ახალი ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერების სხვადასხვა ფორმით, ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა მელიას, გვარამიას, ხატია დეკანოიძეს, ს, ანუ ამ მოწვევის და წინა მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების თავმჯდომარეებს. ანუ „ლიდერშიფი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახლა მეტწილად, საკმაო ნაწილი აღარ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ბუნებრივია, ისინი არანაციონალურ ოპოზიციასთან ერთად – ე.წ. შუაშისტებთან ერთად ცდილობენ ახალი კონფიგურაციის ჩამოყალიბებას. მე ამ პროცესს იმედიანად ვუყურებ, ამიტომ ვამბობ, რომ პატარების დიდი გაერთიანება ეს არის გამარჯვების ფორმულა და თუ ვერ მოხდება ასეთი დიდი გაერთიანება, მაქსიმუმ ორი სუბიექტი თუ გამოვა არანაციონალური ოპოზიცია და არა გახარია, ეს არის დაახლოებით 400 000 ამომრჩევლის ინტერესების შესაძლო გამომხატველი პოლიტიკური ერთეულები, თუ ორზე მეტი იქნება წავაგებთ, ერთი ან ორი თუ იქნება, მაშინ ევროპული არჩევანის და ოპოზიციის გამარჯვების შესაძლებლობა მაღალი იქნება. ამიტომ NDI-ს ხედვებს ვითარების აღწერაში ვეთანხმები“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მთელმა ქვეყანამ იცის, რომ “ქართულ ოცნებას” 29 აპრილს ძალით მოჰყავს ხალხი, აშანტაჟებენ, რომ სამსახურიდან გაუშვებენ და ათას უბედურებას კადრულობენ – სიმართლე ეს არის, მარტო არიან დარჩენილი