გრიგორიადისის დედის თქმით, ციხეში შვილთან ვიზიტებს უზღუდავენ

მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ს დედის, თამთა კალანდაძის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტებს უზღუდავენ.
კალანდაძე განმარტავს, რომ ციხეში გრიგორიადისის მონახულება ბოლოს ახალი წლის დღეებში შეძლო, რის შემდეგაც, არაერთი მცდელობის მიუხედავად, თებერვალსა და მარტში აღარ მისცეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის ნებართვა, მიზეზად კი სხვადასხვა პროცედურული საკითხი დაუსახელეს.
“უკვე ორი თვე გავიდა. ტელეფონით გვირეკავს ხოლმე, მაგრამ პაემანი არ გვქონია. თებერვალში დაუწერია განცხადება, რომ უნდოდა პაემანი, მაგრამ უთხრეს, რომ არ არის ადგილები. შემდეგ 24 მარტისთვის დაუწერია კიდევ განცხადება. გუშინ, მამაჩემი იყო მისული ციხეში და იკითხა, რა შეიძლებოდა შეგვეტანა 24-ში პაემანზე, რაზეც უთხრეს, რომ არანაირი პაემანი არ იქნება, რადგან უწევს კვირა.
მე ვფიქრობ, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერებია იმიტომ, რომ ხან მოსამართლე შვებულებაში გადის, ბოლო სასამართლო კიდევ გაგვიჭიანურეს, ახლა ეს პაემნები თურმე ჩვენთვის შეუძლებელია და რაღაც ადგილები არ არის. აბსურდს ვისმენთ უკვე ამდენი თვეა.” – ამბობს გრიგორიადისის დედა.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი 28 მარტს არის ჩანიშნული.
თავდაპირველად, საბოლოო პროცესი 26 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა მოსამართლის შვებულებაში ყოფნის გამო გადაიდო.
პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.