გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს, შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილსა (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილს (-81 კგ) ვიხილავთ.
ტატო გრიგალაშვილი ტურნირის ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს შეხვდება. ევროპის მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, ნახევარფინალში კი უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა.
ლაშა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს დაუპირისპირდება. შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და
ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.
შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.