გოჩა მირცხულავა: ქრისტეს არ სჭირდება ჩვენი დაცვა. მას არასოდეს უთხოვია, რომ მისი სახელით ძალადობა გაგვემართლებინა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
„ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე დაიღუპება.“ (მათე 26:52)
რამდენმა მართლმადიდებელმა იცის, ვის მიმართ წარმოთქვა ქრისტემ ეს სიტყვები? რომაელ ჯარისკაცს, ფარისეველს, მღვდელმთავარს? არა. საკუთარ მოციქულს – პეტრეს მიმართ. იმ პეტრეს, რომელმაც გეთსიმანიის ბაღში მახვილი იშიშვლა და მღვდელმთავრის მონას ყური მოჰკვეთა. ქრისტემ კი პეტრე არ შეაქო. არ უთქვამს, რომ სწორედ ასე უნდა დაეცვა იგი. პირიქით. უბრძანა, მახვილი ჩაეგო თავის ადგილას და შემდეგ სწორედ ის მონა განკურნა, რომელიც პეტრემ დაჭრა.
ამიტომ სრულიად ბუნებრივია, გამიჩნდეს კითხვა მას შემდეგ, რაც საქართველოს პატრიარქმა შიომ თავის ქადაგებაში თქვა: „პეტრე მოციქულმა გამოავლინა ასევე საოცარი სიმამაცე, როდესაც არ შეეშინდა და გეთსიმანიის ბაღში მღვდელმთავრის მონას მოუქნია მახვილი… (მოუქნია და ყური მოაჭრა ალბათ პაქტის დაზუსტება უპრიანი იქნებოდა. გ.მ.) და აი, როდესაც ჩვენი თანდასწრებით შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედა ღვთისმშობელს, როგორც პეტრემ, გაბედული სიტყვით უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები.“
უწმინდესო და უნეტარესო პატრიარქო შიო,
თუ ქრისტემ თავად უარყო პეტრეს ეს მოქმედება, როგორ შეიძლება სწორედ ეს ეპიზოდი გახდეს ქრისტიანული სიმამაცის მაგალითი? ამ სახარებისეულ ეპიზოდში ვის უნდა მივბაძოთ? პეტრეს, რომელმაც მახვილი იშიშვლა?
თუ ქრისტეს, რომელმაც პეტრე შეაჩერა, დაჭრილი მონა განკურნა და თქვა:
„ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე დაიღუპება.“
აქ საკითხი მხოლოდ ერთი ქადაგება არ არის. საკითხი ბევრად უფრო ღრმაა. თუ სახარების ამ ეპიზოდში ქრისტე თავად აჩერებს პეტრეს, კურნავს დაჭრილ მონას და ამბობს: „ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე დაიღუპება“, მაშინ როგორ შეიძლება სწორედ პეტრეს ამ მოქმედების წარმოჩენა ქრისტიანული სიმამაცის მაგალითად? ქრისტიანისთვის საბოლოო ავტორიტეტი ხომ ქრისტეა და არა პეტრე. პეტრე ამ ეპიზოდში მოციქულია, რომელმაც შეცდომა დაუშვა. ქრისტე კი არის მოძღვარი, რომელმაც ეს შეცდომა მაშინვე გამოასწორა.
ამიტომ კითხვა მხოლოდ პატრიარქ შიოს არ ეხება. ეს კითხვა თითოეულ მართლმადიდებელს ეხება. ვის ვუსმენთ? ქრისტეს თუ ჩვენს წარმოდგენებს ქრისტეზე?
სახარების ყველაზე დიდი საფრთხე ის კი არ არის, რომ მას არ ვიცნობდეთ. ყველაზე დიდი საფრთხეა, როდესაც მის სიტყვებს ჩვენი სურვილების, პოლიტიკური ინტერესების, იდეოლოგიისა თუ ძალაუფლების სამსახურში ვაყენებთ. მაშინ უკვე სახარებას აღარ ვკითხულობთ. ჩვენ მას საკუთარ თავზე ვარგებთ.
და სწორედ აქ იწყება სულიერი სიცრუე. ქრისტეს არ სჭირდება ჩვენი დაცვა. მას არასოდეს უთხოვია, რომ მისი სახელით ძალადობა გაგვემართლებინა. მას არც მახვილი აუღია და პეტრესაც უსაყვედურა – მახვილი ჩააგებინა და მის მიერ დაჭრილი განკურნა. ქრისტიანის ამოცანა ქრისტეს დაცვა კი არ არის. ქრისტიანის ამოცანაა, ქრისტეს მიბაძოს.