გოჩა მირცხულავა: პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციის მთავარი ამოცანა – გაიმარჯვოს არჩევნებში, მათთვის ტრანსფორმირდა – დავამარცხოთ მიშა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
მიშას “მიშას დროს” ფულგადაუხდელი ცოტა აკრიტიკებდა და თან საჯაროდ. 2008 წლის ბოლოს დავწერე და საჯაროდ ვთქვი – სახელმწიფოსთვის კარგი იქნებოდა ომში დამარცხებული სახელმწიფოს მთავარსარდალი გადამდგარიყო. არგუმენტებიც მქონდა. ამის მიუხედავად “ბატონო გოჩას” გარდა სიტყვა არ მომისმენია ჩემი მისამართით, იმათგან, ვისაც სახელმწიფოს მართვაზე ჰქონდა პასუხისმგებლიბა. ქვემოდან წაკბენებისთვის ყურადღება არასოდეს მიმიქცევია. უფრო მძიმე და უფრო მწვავე რამეც მითქვამს, არა ერთხელ. მერე მიფიქრია – რატომ არ “იმოქმედეს” ჩემს წინააღმდეგ. რამდენიმე წლის წინ, ეს კითხვა ერთ-ერთ იმდროინდელ მაღალ ჩინს დავუსვი – იცინა ბევრი: “ეგ აზრები შენი იყო და არა ნაკვები. ნეტავ ბევრ ფულგადაუხდეს ვეკრიტიკებინეთო”… განა არ შევმცდარვარ, ზედმეტიც მოსვლია – მაგრამ, რასაც ვამბობდი და ვამბობ, ყოველთვის გულიდან მოდის.
მე ვიყავი სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგი და თუ მაინც ჩამოვიდოდა, მიმაჩნდა – მსოფლიო მედიასთან ერთად უნდა ჩამოსულიყო და თვითმფრინავის ტრაპთან დაადებდნენ ბორკილებს. სულ სხვა მოცემულობა იქნებოდა – ახლაც ასე ვფიქრობ. შიმშილობაზე და სხვა მომენტებზე არაფერს ვიტყვი ახლა – არც მის ცალკეულ ადვოკატზე.
და ყველაზე მთავარი – ამ 14 წლის განმავლობაში მასაც ბევრჯერ მოხვედრია ჩემი მწარე ენა. ამის მიუხედავად, სულ ვამბობ და ამ აზრის შესაცვლელად ერთი არგუმენტიც არ არსებობს, რადგან საკმაოდ დიდი ინფორმაციის მფლობელი ვარ – ოპოზიციამ უფრო მეტი ჯაფა და ენერგია მოანდომა მიშასთან ბრძოლას, ვიდრე რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედებას. (ფორმებზე ახლა არ ვიმსჯელებ – ანუ ვინ რა მეთოდით ებრძოდა, ვინ მართალი იყო მასთან და ვინ – არა). პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციის მთავარი ამოცანა – გაიმარჯვოს არჩევნებში, მათთვის ტრანსფორმირდა – დავამარცხოთ მიშა.
წარმოუდგენელოა, რომ თავად ამას ვერ ხვდებოდა და ვერ ხვდება. ალბათ ამითიც იყო ხშირად განპირობებული მისი, ხშირად გაუგებარი და საზიანო – მათ შორის თვითსაზიანო გადაწყვეტილებები.
ფაქტი ერთია – ბოლო 23 წლის განმავლობაში ლამის მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა სააკაშვილზე იპარაზიტირა.
და ყველაფრის მიუხედავად, ის არის ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი – ვის მოსწონს და ვის არა, ამის მიუხედავად.
ამის ფაქტი კი აგერ ნახეთ, ამ ბოლო ორ დღეში…