შსს-ის განცხადებით, დღეს საღამოს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, გზის გადაკეტვის მცდელობისას დააკავეს 20-მდე ადამიანი, მათ შორის ერთი – სისხლის სამართლის წესით.
„ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში“, – აცხადებს შსს.
თუმცა რადიო თავისუფლების მიერ დემონსტრანტებზე დაყრდნობით მოგროვებულ ინფორმაციაში დაკავებულთა რაოდენობა უკვე 25-ს სცდება.
ამასთან, შსს-ის პრესცენტრის ცნობით, ახალგაზრდა ქალი, – რომელიც პატრულის მანქანაზე ავიდა, – ხულიგნობის ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით დააკავეს. საუბარია თამარ ლორთქიფანიძეზე.
დემონსტრანტების ცნობით, ეს იყო პერფორმანსი, რომელიც ლორთქიფანიძემ მიუძღვა დაპატიმრებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, რომელსაც დღეს ევროკავშირმა პრესტიჟული ჯილდო, სახაროვის პრემია მიანიჭა.
პოლიცია აცხადებს, იგი „არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოწოდებას, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მათ ღირსებასა და მუნდირს, ასევე საზოგადოებას“.
იგი დაკავებულია ხულიგნობის ბრალდებით, სსკ-ის 239-ე მუხლით. ამ მუხლის რომელი პუნქტითაა ლორთქიფანიძე დაკავებული, შსს ჯერ არ აზუსტებს.
· ზოგადად, ხულიგნობა ისჯება ჯარიმით, 120-დან 180 საათამდე საზოგადოებრივი შრომით, ერთ წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
· ხოლო ხულიგნობა, – ჩადენილი „ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ“, – შეიძლება 2-დან 5 წლამდე პატიმრობითაც დაისაჯოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, „თავი შეიკავონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად, უკანონოდ გადაკეტვისგან“.
ახალი შემზღუდავი ცვლილებები 17 ოქტომბერს შევიდა ძალაში, რის შემდეგაც 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ფორუმი




