არქივი15 სექტემბერი, 2024, 01:48
გიორგი ტაბატაძე: ვის უნდა მოვუხადოთ ბოდიში? ჩვენს ბიჭებს სამხედრო ტყვეებს თავზე რკინის ვედროს აცვამდნენ და არმატურებით უბრახუნებდნენ

"ვის უნდა მოვუხადოთ ბოდიში?
-ჩვენს ბიჭებს სამხედრო ტყვეებს თავზე რკინის ვედროს აცვამდნენ და არმატურებით უბრახუნებდნენ.
-ერთ მათგანს ოსური წარმოშობის გვარის გამო წამების შემდეგ თავში ესროლეს და ტვინის და თავის ქალის ნარჩენები სხვა ტყვეებს აახვეტინეს შიშველი ხელებით შემდეგ დაამარხინეს..
-ადუღებულ გუდრონში ჩააყოფინეს ერთ ჩვენს მოქალაქეს ფეხები.
-ერთ ქართველ ბებოს ქმარი გადაეფარა როცა დაცხრილეს თავად გადარჩა და შიშველი ხელებით მიწა ამოთხარა დამარხა და თავად მშიერ მწყურვალმა რამდენიმე დღე იარა რომ იქიდან გამოეღწია.
-ჩვენს სამოქალაქო და სამხედრო ტყვეებს ცხინვალის იზოლატორში დასაწოლი კი არა დასაჯდომი ადგილი არ ჰქონდათ. ქალები და კაცები ერთად ასაკის განურჩევლადაც (მოხუცებიც იყვნენ) ჩაკეტეს საკნებში, იმ სიცხეში (აგვისტოში) და ჭყლეტაში წყალს არ აძლევდნენ, ტუალეტში არ უშვებდნენ.
- ნახევრად გახრწნილ გვამებს ამარხინებდნენ ჩვენს სამოქალაქო ტყვეებს.
გაუპატიურებებზე და სხვა უბედურებებზე არაფერს დავწერ. ეს ყველაფერი რასაც ვწერ დოკუმენტურად არის დადასტურებული და თავად მთავრობასაც აქვს.
არც იმაზე დავწერ არაფერს ქართული სოფლები როგორ გაასწორეს მიწასთან.
აი ვის უნდა მოვუხადოთ ბოდიში?
როდის იყო მსხვერპლი იხდიდა ბოდიშებს?
უსამართლობისგან შეიძლება ტვინში სისხლი ჩაგექცეს ადამიანს.
გცემონ, გაფურთხონ, შენი საყვარელი ადამიანები დაგიხოცონ და აქეთ უხადო ბოდიშები.
სირცხვილია..
ღალატია..
უსამართლობაა...
ვის უნდა მოვუხადოთ ბოდიში?" - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს დემოკრატკული ინიციატივის (GDI) იურისტი, გიორგი ტაბატაძე.
ცნობისათვის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.