გიორგი მიქაუტაძე მის ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამო სასამართლოში ჩივილს გეგმავს და აცხადებს, რომ „დაწყებულია ცილისმწამებლური კამპანია, რათა მოსამართლეების „ვეტინგის“ სისტემით შემოწმების საფუძველი შეიქმნას“

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი მიქაუტაძე თბილისის ყოფილ მთავარ პროკურორს, მაია მწარიაშვილს სასამართლოში უჩივის. მიქაუტაძე მწარიაშვილს მის ქონებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, ამიტომ სარჩელით მწარიაშვილისგან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.
როგორც გიორგი მიქაუტაძემ უზენაეს სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდში, სასამართლო ხელისუფლების მიმართ დაწყებულია მორიგი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ე.წ. ვეტინგის სისტემით მოსამართლეების შემოწმებას. მოსამართლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დაინტერესდნენ, თუ რა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი აქვს „ვეტინგის“ ინიციატივას, ასევე დაინტერესდნენ, ენახათ მტკიცებულებები, თუ რატომ გაჩნდა ასეთი ინიციატივა, მსგავსი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს. მიქაუტაძის თქმით, “სამაგიეროდ ჩვეული მეთოდებით დაწყებულია ცილისმწამებლური კამპანია, რომ მაქსიმალურად შეუქმნან საფუძველი “ვეტინგის” სისტემით შემოწმების ჩატარებას”.
„პირადად ჩემ მაგალითზე გეტყვით, 2024 წლის 14 მარტს, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც იურისტმა მაია მწარიაშვილმა ჩემ თაობაზე განცხადება გააკეთა. ეს არის ყოველგვარი მორალის და ზნეობის უგულებელყოფით, მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის და ფაქტების გავრცელება იმისთვის, რომ ყველაზე უღირსი მეთოდებით კიდევ ერთხელ გაამართლონ “ვეტინგის” პროცედურის ჩატარების აუცილებლობა. კერძოდ, რამდენიმე ფაქტობრივი ტყუილი გავრცელდა. შეფასებებს აღარც შევეხები, ვსაუბრობ ფაქტობრივ ტყუილებზე, რომელიც შეთხზული და დამახინჯებულია იმისთვის, რომ გაამართლონ “ვეტინგი”. ასეთი არის ის, რომ ჩემმა ოჯახმა თურმე წლის განმავლობაში მოიღო დივიდენდის სახით 14 000 ლარი მაშინ, როდესაც რამდენიმე საინფორმაციო არხით გავავრცელე ცნობა, მტკიცებულება, ინფორმაცია, რომ ყოველთვიურად და არა წლის განმავლობაში, დივიდენდის და ხელფასის სახით შემოსავალი 22 000 ლარს აღემატება, რაც მხოლოდ სააქციო საზოგადოება „ბახტრიონიდან“ მემკვიდრეობით მიღებული ქონებიდან მაქვს“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
გარდა ამის, გიორგი მიქაუტაძის თქმით, ტყუილია მწარიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი ხელფასით შეიძინა 2,5 ჰა მიწა. მიქაუტაძის განმარტებით, არაერთ დეკლარაციაში წერია, რომ მან და მისმა მეუღლემ შეიძინეს 2 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. გიორგი მიქაუტაძე მწარიაშვილის მიერ მის ქონებასთან დაკავშირებით სხვა ინფორმაციასაც ტყუილს უწოდებს და აღნიშნა, რომ მისი ქონება დეკლარირებული აქვს.
„აშკარაა, რომ შემოწმების რეალური საფუძვლები არ არსებობს, არ არსებობს ამის არც ფაქტობრივი გარემოება და არც არანაირი მტკიცებულება. ასეთი გამოგონილი ტყუილებით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელოვნურად შეუქმნან საფუძველი „ვეტინგის“ პროცედურას. ამის მიზანი, რეალურად, გახლავთ სასამართლო ხელისუფლების დამორჩილება, გავლენების გაზრდა, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენების გაზრდა სასამართლო ხელისუფლებაზე და ამ ფორმით სასამართლო დამოუკიდებლობის შეკვეცა, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია. ნამდვილად ვერ მივცემ ჩემ თავს იმის უფლებას, რომ მწარიაშვილის მსგავსი ადამიანების მიერ ასეთი არაკეთილსინდისიერი განცხადებებით შეილახოს ჩემი ოჯახის რეპუტაცია, ამიტომ მე აუცილებლად შევიტან სამოქალაქო სარჩელს გავრცელებული ყალბი ფაქტების უარყოფის მოთხოვნით“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
ამასთან, მისი თქმით, გაურკვეველია, საიდან იქნება მოყვანილი ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისია, რომელმაც მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა შეამოწმოს, ასევე გაურკვეველია, რა მიზნებით იქნება ის შექმნილი.
„ის მაგალითები, რომელიც გვაქვს თუნდაც ალბანეთის მაგალითზე, რომელიც საჯარო სივრცეში განხილვის საგანი გახდა, გვაჩვენებს იმას, რომ „ვეტინგი“ არის ძალიან ცუდი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სასამართლო სისტემის შემოწმება ჩატარდეს. ნახევარზე მეტი მოსამართლე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მთავარი, ძირეული შინაარსი არის ის, რომ ეს ხორციელდება პოლიტიკური ჯგუფების მოთხოვნით“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …