არ ჩაივლის გიორგი ანწუხელიძის გმირობა ისე. გავიმარჯვებთ, როგორც რუსულ რეჟიმზე ჩვენს ქვეყანაში, ისე იმ რეჟიმზე, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენი ქვეყნის დაპყრობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან განაცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ბოტკოველის თქმით, „რეჟიმმა, რომელმაც ქვეყნის სუვერენიტეტი ჩამოანგრია, იმაზე მეტი სამარცხვინო რა უნდა თქვას, ვიდრე ის, რომ გიორგი ანწუხელიძე საქართველოს ერთიანობას კი არა, რაღაც პიარს შეეწირა“.
„რუსული რეჟიმის პარტკომმა და ფაქტობრივად, მათი ხმის გამჟღერებელმა, თეა წულუკიანმა გვამცნო, რომ გიორგი ანწუხელიძე განა საქართველოს ერთიანობას, არამედ რაღაც პიარს შეეწირა. ამაზე მეტი მოღალატეობრივი, ამაზე მეტი სამარცხვინო რა უნდა თქვა და რა უნდა გააჟღერო ე.წ. ხელისუფალმა და რეჟიმმა, რომელმაც, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ბოლომდე ჩამოანგრია. ამის პასუხი, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ექნება ქართველ ხალხს. ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისგან მივიღეთ დავალება, რომ უნდა აგვეშენებინა გიორგი ანწუხელიძის მემორიალი აქ, სოფელ ალვანში. ვჩქარობდით. ყოველდღიურად ვჩქარობდით. ეს იყო 2013 წელი და იცით, რატომ? – ზუსტად ვიცოდით, ვინ დაიპყრო ქვეყანა და ვინ შეიპყრო ქვეყნის სადავეები – რუსმა ივანიშვილმა. ჩვენ ვჩქარობდით იმისთვის, რომ დაგვესრულებინა მემორიალი. ჩართული იყო სოფელი ალვანი. 2013 წლის 26 ოქტომბერს, სანამ ივანიშვილი სრულად ჩაიგდებდა სადავეებს, მოვასწარით და გავხსენით გიორგი ანწუხელიძის მემორიალი. ის არის მაგალითი არა მარტო თუშებისა, არა მარტო კახებისა, მთლიანად საქართველოსი. დღეს აქ მოდიან ახალგაზრდები და პატივს მიაგებენ ანწუხელიძეს, მის გმირობას.
დიდება გმირებს, დიდება თავისუფლებას. არ ჩაივლის გიორგი ანწუხელიძის გმირობა ისე. ჩვენ გავიმარჯვებთ როგორც რუსულ რეჟიმზე ჩვენს ქვეყანაში, ისე იმ რეჟიმზე, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენი ქვეყნის დაპყრობას“,- განაცხადა ბოტკოველმა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
