გია ვოლსკი – არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფი ინტრიგის კანტორად ჩამოყალიბდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ს განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფი „ინტრიგის კანტორად“ ჩამოყალიბდა. ამის შესახებ ვოლსკიმ 12 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, „განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია შეწყვიტოს“.
ვოლსკის თქმით, „ვეტინგის“ მხარდაჭერა „პოლიტიკური განცხადებაა“.
„არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფი ინტრიგის კანტორად ჩამოყალიბდა. რას ნიშნავს, როდესაც გარკვეული მოსამართლე აცხადებს, რომ „ვეტინგის” კამპანიას ემხრობა, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა არ ითვალისწინებს ისეთ დამცირებას, როგორიც არის გინდაც ამ 5 მოსამართლის, გინდაც სხვების გამოცდაზე გაყვანა და სკოლის მოწაფეების როლში ჩაყენება. ეს პირდაპირ პოლიტიკური განცხადებაა და ამას გარკვეული იერი და სუნი დაჰკრავს იმ პოლიტიკური დამოკიდებულებებისა, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ შექმნა სასამართლოსთან დაკავშირებით”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, 12 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, „განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია შეწყვიტოს“.
როგორც მესამე სექტორის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლებამ სრულყოფილად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები, რაც არის არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების, არამედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის და ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ხუთი მოსამართლე – მამუკა წიკლაური, მადონა მაისურაძე, ქეთი მესხიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის მოთხოვნას იზიარებენ.

ასევე დაგაინტერესებთ