14 წლის მოზარდზე ძალადობასთან დაკავშირებით, მოქალაქე გვანცა ბაუჟაძე სოციალურ ქსელში წერს და ძალადობის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 126-ე, ძალადობის მუხლით.
“ასეთი გარეწრებით გაივსო ქვეყანა. გამოფხიზლდით ხალხო, ეს ცნობილი მკლავჭიდელი ქალი ხატია ვიბლიანია, რომელიც როგორც კადრებში ჩანს, უმოწყალოდ და გამეტებით ურტყამს 14 წლის მოზარდს, მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვი მაღაზია ორი ნაბიჯის მოლარეს გამოესარჩლა და ამ ქალბატონს უთხრა – თუ გეჩქარებათ, მიბრძანდით ქალბატონო, ხომ უკვე გაგიტარათ მოლარემო. ამ სიტყვების გამო, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადა ბავშვზე, უმოწყალოდ სცემა, ეს მხოლოდ მცირე ნაწყვეტია კადრების, ცემის ფაქტი 2 წუთი და 30 წამი მიმდინარეობდა (კადრები ძალიან მძიმე საყურებელია, ამიტომ სრულად არ ვდებთ), სადაც კარგად ჩანს, როგორ გამეტებით ურტყამს ბავშვს, საქმეში ჩართულია პოლიციაც, და 126-ე მუხლით არის აღძრული საქმე, ასეთი არაადამიანების ადგილი ციხეშია, დღეს ეს ბავშვი შერჩა მას, ხვალ შეიძლება, ჩემი და შენი შვილიც იყოს მისი მსხვერპლი.
ქალს, რომელიც საკუთარ მცირეწლოვან შვილსაც არ ინდობს და ამ ყველაფერს ატირებულ ბავშვს აყურებინებს, დედობაც უნდა ჩამოერთვას. ასევე უნდა აღინიშნოს ის მეორე არაადამიანი მამაკაციც, რომელიც ამ ქალის ფორმებით მოხიბლული დადგა, სიცილი დაიწყო და ისედაც შეშინებულ ბავშვს შეურაცხოფა მიაყენა, მსგავსი გულგრილობაც კანონით უნდა ისჯებოდეს” – წერს მოქალაქე გვანცა ბაუჟაძე სოციალურ ქსელში.