ბორელი: საქართველო კარგად ასრულებს საქმეს, ევროკომისიის წინადადება ძალიან პოზიტიურია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკომისიის წინადადება და ანალიზი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიურია. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. დღის წესრიგში ევროკავშირის გაფართოების და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების საკითხები დგას.
“ორბანმა მთელ მსოფლიოში იმოგზაურა, ესტუმრა პრეზიდენტ მაკრონს, ჩავიდა არგენტინაში. დიახ, ეს საკითხი იქნება ძალიან განსახილველი საკითხების დღის წესრიგში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ერთიანობა არ დაირღვევა, რადგან ახლა არ არის დრო, რომ დავასუსტოთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, ახლა მიზი გაზრდის დროა.
რაც შეეხება საქართველოს, ის კარგად ასრულებს საქმეს, ევროკომისიის წინადადება და ანალიზი ძალიან პოზიტიურია და მხარს ვუჭერ საქართველოს, რომ გააგრძელოს ამ გზაზე სვლა”, – თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 15 დეკემბერს, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.