ბინა, რომელიც იყიდე მაგრამ არ გაქვს - რატომ ვერ ასრულებს ვალდებულებებს დეველოპერული კომპანია „აქსისი“

თბილისის ცენტრალურ უბანში, ჭავჭავაძის გამზირზე, დეველოპერული კომპანია „აქსისი“ მიერ აშენებული რამდენიმე ნაწილობრივ დასრულებული და რამდენიმე დაუსრულებელი შენობა დგას. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ბინა 8-10 წლის წინ გაიყიდა, მფლობელები ამ დრომდე ვერ სარგებლობენ საკუთარი უძრავი ქონებით.
ასეთი კორპუსები „აქსისს“ კიდევ რამდენიმე აქვს, მათ შორის „აქსის პალასი 2“ და „აქსის პალასი საირმეზე“. ორივე მათგანში იპოვით ბინას, რომელიც დასრულებული არაა. სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და ასევე „კომერსანტთან“ აქტიურად საუბრობენ კომპანიის არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე, რომელმაც დაზარალებულად უკვე 300-მდე ოჯახი აქცია.
არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზ. 49დ-ში მშენებლობის ვადების გაგრძელება კომპანიამ რამდენჯერმე მოითხოვა. ბოლო მონაცემებით, პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, თუმცა საგულისხმოა, რომ მშენებლობა ამ დრომდე ფაქტობრივად გაჩერებულია.
ფაქტობრივად, ერთადერთი მშენებლობა, რომელიც ბოლო წლებში „აქსისმა“ „უპრობლემოდ“ განახორციელა, „აქსისი თაუერის“ პროექტია, რომელიც საქართველოს თანაინვესტირების ფონდის დახმარებით განხორციელდა.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორია დღეისათვის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, თუმცა ამ დროისთვის ორგანიზაციის რამდენიმე შვილობილის მონაცემების წვდომა ვერ მოხერხდა, მხოლოდ შპს „აქსის გრუპის“ 2022 წლის მონაცემებია საჯარო, რომლის 2022 წლის მიმდინარე პროექტები იყო:
▪ აქსისი ჭავჭავაძის 75 - ში
▪ აქსისი საირმეზე
▪ აქსისი აბაშიძის 34 - ში
▪ აქსის პალასი 1
▪ აქსის პალასი 2
▪ აქსისი იპოდრომზე (კარტოზიას #2 და კარტოზიას #4)
▪ წინამძღვრიშვილის 125.
2022 წლისთვის კომპანია 2 მილიონიან ზარალზე იყო, ხოლო ვალდებულებები 45 მლნ ლარს აჭარბებდა, მათ შორის მოკლევადიანი ვალდებულებები 40 მლნ ლარზე მეტი იყო. რაც შეეხება აქტივებს, 2022 წელს კომპანიას 55 მლნ ლარამდე აქტივი ჰქონდა. ფართების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 2.6 მლნ ლარს აჭარბებდა, ხოლო რეალიზებული ფართების თვითღირებულების ხარჯები 1.4 მლნ იყო.
„კომპანიის სამომავლო მიზანია შეინარჩუნოს ნოვატორი, საუკეთესო ხარისხის პროდუქტის შემქმნელი ბრენდის პოზიცია და უკვე დაიწყო მუშაობა სამ ახალ მულტიფუნქციურ პროექტზე ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ასევე დაგეგმილი აქვს ტურიზმის სექტორში სხვადასხვა პროექტების დაწყება“, - ნათქვამი იყო 2 წლის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშგებაში.
რაც შეეხება „აქსისი ჭავჭავაძის 49დ“ -ს, კომპანიის გაუნაწილებელი მოგება 2022 წელს მხოლოდ 234 785 ლარი იყო.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას 2022 წელს რამდენიმე სასამართლო დავა ჰქონდა, ძირითადი მოთხოვნას დაუსრულებელი ბინებისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება წარმოადგენდა.
რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე კომპანიაში, როგორ გეგმავს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაგებად „კომერსანტი“ „აქსისის“ აღმასრულებელ დირექტორს დაუკავშირდა, თუმცა მარიკა ლორიამ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხისგან თავი შეიკავა. „კომერსანტი“ იმედს გამოთქვამს, რომ კომპანიასთან კომუნიკაცია შედგება და დამატებით დეტალებს მკითხველს უახლოეს პერიოდში გავაცნობთ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.