აშშ-მ კეზერაშვილს ვიზაზე უარი ფულის გათეთრების მუხლზე დაყრდნობით უთხრა

გამოცემა “ტაბულას” ცნობით, -ს კოლუმბიის ოლქის რაიონული სასამართლოს დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბიზნესმენმა დავით კეზერაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მას შემდეგ უჩივლა, რაც მან ამერიკის ვიზაზე უარი მიიღო.
კეზერაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან, აშშ-ს ინფორმაციის თავისუფლების აქტის (FOIA) მე-5 თავის 552-ე მუხლის ფარგლებში, მასზე არსებული ჩანაწერების გადაცემას მოითხოვს. კეზერაშვილმა მოთხოვნა 2023 წლის 23 ოქტომბერს იმ ინფორმაციის მიღებაზე შეიტანა, რომელიც მის საიმიგრაციო ისტორიას ეხებოდა.
Courtlistener.com-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ კვიპროსში აშშ-ს საელჩომ კეზერაშვილს B-2 ტიპის ვიზაზე უარი 2023 წლის 18 ივლისს უთხრა, რადგან აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო სამსახურმა კეზერაშვილი ვიზის გაცემისთვის შეუფერებლად 2023 წლის 1-ელ მაისს, იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212-ე მუხლის (a)(2)(I) პუნქტზე დაყრდნობით ცნო.
აღნიშნულ მუხლში, რომელიც ფულის გათეთრებას ეხება, წერია, რომ “(i) ნებისმიერი უცხოელი, რომელზეც საკონსულოს თანამშრომელმა ან გენერალურმა პროკურორმა იცის, ან აქვს ეჭვი, იფიქროს, რომ იგი ჩართული იყო, ჩართულია, ან აშშ-ში შესვლას ისეთ სამართალდარღვევაში ჩართვის მიზნით ცდილობს, როგორიც 1956 ან 1957 წლის 18-ე თავშია აღწერილი (რაც ფულის გათეთრებას ეხება) ან (ii) რომელზეც საკონსულოს თანამშრომელმა ან გენერალურმა პროკურორმა იცის, რომ არის, ან იყო, სხვების გათვითცნობიერებული დამხმარე, თანამზრახველი, თანამონაწილე, ხელისშემწყობი ისეთ სამართალდარღვევაში, როგორიც ხსენებულ მონაკვეთშია აღწერილი, შეუფერებელია [ვიზის გაცემისთვის]”.
უარის მიღების შემდეგ დავით კეზერაშვილმა ყველა იმ დოკუმენტის, განცხადების, შესაფერისი მასალებისა (ციფრული თუ ფიზიკური) და დამაზიანებელი ინფორმაციის მიღება მოითხოვა, რომლებზე დაყრდნობითაც აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო სამსახურმა 2023 წლის 1-ელ მაისს მას B-2 ტიპის ვიზაზე უარი უთხრა.
დაცვის მხარემ კეზერაშვილს 2024 წლის 18 იანვარს უპასუხა და განაცხადა, რომ იგი ცნობდა მოსარჩელე მხარის მოთხოვნას და ასევე აღნიშნა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება “რაც შეიძლება სწრაფად” მოხდებოდა.
კოლუმბიის ოლქის რაიონული სასამართლო წერს, რომ დაცვის მხარემ ვალდებულება დროულად ვერ შეასრულა და მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დღემდე პასუხგაუცემელი რჩება.
სასამართლოს დადგენილებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ს კოდექსის მე-5 თავის 552-ე მუხლის ფარგლებში, დაარღვია დროულად პასუხის გაცემის ვალდებულება, ადეკვატურად ვერ გამოიძია მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი ჩანაწერები და უკანონოდ აყოვნებს ჩანაწერების გადაცემას.
წყარო – ტაბულა

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მთელმა ქვეყანამ იცის, რომ “ქართულ ოცნებას” 29 აპრილს ძალით მოჰყავს ხალხი, აშანტაჟებენ, რომ სამსახურიდან გაუშვებენ და ათას უბედურებას კადრულობენ – სიმართლე ეს არის, მარტო არიან დარჩენილი