აშშ-მ ირანიდან და იემენიდან ისრაელისკენ გაშვებული 80-ზე მეტი დრონი და 6 რაკეტა ჩამოაგდო

-ს ცენტრალური სარდლობის განცხადების მიხედვით, აშშ-ს ძალებმა 13-14 აპრილს ირანიდან და იემენიდან ს მიმართულებით გაშვებული 80-ზე მეტი დრონი და 6 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. როგორც ცნობილია, ამ ოპერაციაში აშშ-ს ევროპული სარდლობის გამანადგურებლები მონაწილეობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, იემენის ტერიტორიაზე ერთი ბალისტიკური რაკეტა და შვიდი დრონი აშშ-ს ძალებმა გაშვებამდე, საწყის პოზიციაში გაანადგურეს. იემენიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტებს და დრონებს ჰუსიტები უშვებდნენ, რომელიც ირანის მარიონეტული ძალაა.
“აშშ-ს ცენტრალური სარდლობა კვლავ მხარს უჭერს ისრაელის თავდაცვას ირანის ამ საფრთხისშემცველი ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ერთად რათა გავაძლიეროთ რეგიონის უსაფრთხოება” – წერია აშშ-ს ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% უვნებელყვეს.
1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.