აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ტაძარში სანთლები დაანთო
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ტაძარში სანთლები დაანთო.
საეკლესიო წესის მიხედვით, ტაძარში შესულ ქალებსა და გოგოებს თავსაბურავად ევროკავირისა და საქართველოს დროშები ჰქონდათ შემოხვეული. კადრებში ჩანდა, რომ აქციის მონაწილეები სანთლით ხელში, რიგის დაცვით ემთხვეოდნენ ხატს.
პარალელურად, საპროტესტო აქცია გრძელდება პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.
მანამდე, დემონსტრანტებმა თბილისის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს - გადაკეტეს მტკვრის მარჯვენა სანაპირო, მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორია. მსვლელობის დროს ისინი მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მივიდნენ, სადაც შენობასთან მისასვლელი ქუჩა სამართალდამცავებს ჰქონდათ დაკავებული.
3 მაისს მომიტინგეების ნაწილი აქციას მართავდა პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე, ნაწილი კი შეკრებილი იყო პუშკინის სკვერთან, სასტუმრო "პარაგრაფთან", სადაც მმართველი პარტიის ლიდერები აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებას ესწრებოდნენ.
მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი ბანერები წარწერით, "არა რუსულ კანონს" და ცდილობდნენ, ხმა მიეწვდინათ ღონისძიების სტუმრებისთვის, მათ შორის, "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის.
გარდა ამისა, მათი მოთხოვნების ნაწილია, გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები.
1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში უწყვეტად მიმდინარეობს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.