არმაზ ახვლედიანი – მოვითხოვთ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ გახსნას პარლამენტის კარი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის – ეს სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების აკრძალვა

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები, საკანონმდებლო ორგანოში შეუშვას.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, „ეს რუსული კანონი სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების აკრძალვა და როგორც ჩანს, სწორედ ამ სცენარით ვითარდება ახლა პროცესი“.
„მოვუწოდებთ და მოვთხოვთ, იმიტომ, რომ ეს „რუსული კანონი“ სხვა არაფერია თუ არა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების აკრძალვა და როგორც ჩანს, სწორედ ამ სცენარით ვითარდება ახლა პროცესი. ამიტომაც მოვითხოვთ „ოცნებისგან“ და პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ გახსნას პარლამენტის კარი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის. ეს არის საქართველოს პარლამენტი, ქართველი ხალხის პარლამენტი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა აქვს ჩაფიქრებული „ოცნებას“. ამას არ გავატანინებთ,“ – განაცხადა ახვლედიანმა.
„ჩვენ ყველა ერთად მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ პაპუაშვილს, რომ მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები, რომ მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შემოვიდნენ საქართველო პარლამენტში,“ -განაცხადა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ – ვერც ერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, მათ შორის ვერც “ინტერპრესნიუსის” აკრედიტებული კორესპონდენტები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას და ადგილზე მუშაობას ვერ შეძლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!