ივანიშვილი კარგად აცნობიერებს, რასაც ნიშნავს გაბრაზებული და გაჯავრებული დიდი ბრიტანეთი, მაგრამ მისთვის იმდენად ტკბილია ძალაუფლება და კორუფციის შედეგად მიღებული სიამოვნება, რომ ამას ვერ ეშვება. იმდენად დიდია კრემლიდან მის თავზე ჩამოკიდებული „დამოკლეს მახვილი“, როგორც ჩანს, ამის შიშითაც ვერ ბედავს რამე კორექტირება შეიტანოს საკუთარ მავნებლურ პოლიტიკაში. შემიძლია ვთქვა, რომ ლონდონმა „წითელი ბარათი“ აჩვენა საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში დაბარებას გამოეხმაურა.
ამასთან, ახვლედიანი მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში , აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირებს „ყველა ხვრელი ამოუქოლონ“ და უფრო სერიოზული სანქციები დაუწესონ.
„ივანიშვილის პოლიტიკის ბუნება სწორედ ის არის, რომ იპოვოს რაღაც ხვრელი. საჭიროების შემთხვევაში აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ ამოქოლონ ყველა ხვრელი ამ რეჟიმისთვის. სანქციების შედეგად ისინი მძიმე ფინანსურ დარტყმას მიიღებენ. მათი ვოიაჟები მალე მხოლოდ სამეზობლოთი შემოიფარგლება და შეიძლება რუსეთის გარდა წასასვლელიც არ ჰქონდეთ. ამ პროცესის დაჩქარებაში ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ დასავლეთის იმედად, რომელიც, როგორც ჩანს, ემზადება მნიშვნელოვანი სანქციებისთვის, რომელიც არ იქნება მხოლოდ სავიზო. ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავის იმედად,“ – განაცხადა მან.
რაც შეეხება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სომხეთში ვიზიტს და ოფიციალური ერევნის ბრიუსელთან დაახლოებას, ახვლედიანი პოზიტიურად აფასებს ამ პროცესს და მიიჩნევს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ბრალია ის, რომ საქართველოსკენ კალასის „თანაშემწის თანაშემწეც კი არ იყურება“.
„იმ ძირგამომთხრელი საქმიანობის, ლანძღვის და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, რასაც „ქართული ოცნების“ მოძალადე ხელისუფლება ბოლო დროს სჩადის, რა გასაკვირია, რომ არამხოლოდ კაია კალასი, არამედ მისი თანაშემწის თანაშემწეც კი არ იყურება საქართველოსკენ. მე ეს არ მიკვირს. სასიხარულოა, რომ სომხეთმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის წყალობით მოახერხა ამ გზაზე წარმატებისთვის მიაღწია. აზერბაიჯანში მიდის გააფთრებული დაპირისპირება კრემლის ინტერესების წინააღმდეგ და ის იზღუდება იმ დროს, როცა ივანიშვილის მმართველობა ხელ-ფეხს უხსნის აქ კრემლის პარპაშს. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ არავინ ლონდონსა და ვაშინგტონში არ შეეგუება ამ მავნებლურ რეჟიმს, საქართველოს მოსახლეობის ნების ფეხქვეშ გათელვას და კრემლის პირდაპირი ინტერესების განხორციელებას საქართველოში“, – განაცხადა ახვლედიანმა.
რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის 29 ივნისს გამართულ აქციას და 8 პოლიტიკური პარტიის განცხადებას თვითმმართველობის არჩევნების მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ახვლედიანი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არის დრო ოპოზიცია საბოლოოს შეთანხმდეს და გაემიჯნოს ამ „უსახურ სპექტაკლს“.
„ოპოზიციის ერთობა ახლა როგორც არასდროს, ისე უნდა განვიხილოთ დიდ კონტექსტში. ჩვენ ვართ მოწმე იმისა, რომ ივანიშვილის პოლიციურმა რეჟიმმა არა უბრალოდ გააჩერა, არამედ დაამარცხა დემოკრატია. ახლა მიმდინარეობს მიზანმიმართულად აქა-იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი მათთვის „ცხელი წერტილების“ ჩაქრობა. ამ მიზანს ემსახურება ამდენი ადამიანის დაკავება და რეპრესიების ტალღა. მე მივესალმები, რომ პოლიტიკურად ასეთმა მნიშვნელოვანმა ადამიანებმა გადაწყვიტეს შიმშილობა შეწყვიტონ. მნიშვნელოვანია ოპოზიციის პოზიცია, რომ მონაწილეობა არ მიიღონ ე.წ. არჩევნებში. რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აპირებს და სჩადის, ამას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის „ოცნების“ ბინძური მანიპულაციები იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ვისაც სურს ამ უსახურ სპექტაკლში მონაწილეობა, ჯერ კიდევ აქვს დრო. ჯერ კიდევ არის დრო ოპოზიციის ეს ნაწილი შეთანხმდეს და გაემიჯნოს რუსულ ხელისუფლებას“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ასევე, ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიებს არ აქვთ გრძელვადიანი ხედვა, თუ რას გააკეთებენ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში.
„ყველას მოგვეთხოვება ვისაუბროთ უახლოეს რეალისტურ გეგმებზე. ამ შედეგს მხოლოდ ის მოგვცემს, თუ ჩვენ შევძლებთ საზოგადოება გავაერთიანოთ იმ იდეით, რაც არის არამხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა, არამედ ამის შემდეგ რა უნდა აკეთოს ხელისუფლებაში მოსულმა ოპოზიციამ. მსგავსი განცხადებები ჯერჯერობით ვერ ვნახე. ივანიშვილის თავის ძალადობრივ ქმედებებს განაგრძობს ეფექტურად და მეორე მხარე კი, მას უპირისპირდება მხოლოდ დაპირებებით და ეფემერული გაერთიანებებით. მე ამის წინააღმდეგი ვარ. 29 ივნისს ჩატარებულ აქციას ბევრი ადამიანი დაესწრო, თუმცა გაცილებით მეტი იქნებოდა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რომ არ იწვევდნენ ასეთ ანტიპათიას“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
