არა რუსულ კანონსა და არა ყველაფერს, რაც ხელს გვიშლის ევროპულ მომავალში – გიორგი მარშანია

მსახიობი, ქართული ანიმაციის, “ჟირაფი ჟოზეს” შემქმნელი გიორგი მარშანია უერთდება რუსული კანონის საწინააღმდეგო მოთხოვნებს. “ნეტგაზეთთან” საუბრისას ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ არა თუ ეს კანონი არ უნდა მიიღოს, არამედ არაფერი უნდა გააკეთოს ისეთი, რაც ქვეყანას ევროინტეგრაციაში შეუშლის ხელს.
“როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, მეც ვფიქრობ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ევროპული სივრცის ნაწილი. ჩვენი ევროპელი მეგობრები, ვინც დამოუკიდებლობის მიღებიდან გვერდში გვიდგანან, გვეუბნებიან, რომ არ მიიღოთ ეს კანონი, ეს არის თქვენთვის ხელის შემშლელი. გარდა ამისა, შარშან, მარტში, ათიათასობით ადამიანო გამოვედით და ვთქვით, რომ არ გვინდა. ანუ, გარედან, ჩვენი კეთილის მოსურნეები გვეუბნებიან, რომ არ გინდათ, შიგნიდან ჩვენც ვამბობთ, რომ არ გვინდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ არგუმენტებითაც ლოგიკურია, რომ ეს კანონი არ უნდა მიიღონ. შესაბამისად, ჩემი პოზიცია არის მარტივი – არა რუსულ კანონს და არაფერს იმას, რაც მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდა, რაც ხელს გვიშლის ევროპულ მომავალში”, – ამბობს გიორგი მარშანია.
ის შეურაცხმყოფელად მიიჩნევს მმართველი პარტიის ლიდერების რიტორიკას იმის შესახებ, რომ ადამიანები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ “შეცდომაში არიან შეყვანილები”.
ამას ჯერ კიდევ გასული წლის 7-9 მარტის აქციების შემდეგ ამბობდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, . ახლა, კანონპროექტის ხელმეორედ დაინიციირებისას, იგივეს ამტკიცებს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, .
“შეურაცხმყოფელია დამოკიდებულებაც, თითქოს ვიღაცამ შეცდომაში შეგვიყვანა. არ ვარ შეცდომაში შეყვანილი. ჩემი აზრით, მაქვს ანალიზის უნარი. შეიძლება დეტალებში შევცდე მე, იმიტომ, რომ იურისპრუდენცია არ მესმის, მაგრამ, ასეთი საკვანძო საკითხების შეფასებაში არა მგონია, რომ ვცდებოდე. ეგრე, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას უნდა NATO-ში გაწევრიანება, მაგრამ მაგაზეც შეიძლება თქვან, რომ ცდებიან. არა, არ ვცდებით. ამდენი ადამიანი ვამბობთ, რომ არ გვინდა ვიყოთ ისეთი სახელმწიფო, როგორც არის და გვინდა ვიყოთ ისეთი, როგორებიც არიან ევროკავშირში”, – ამბობს გიორგი მარშანია.
ის რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლის ორ გზას ხედავს – საჯარო პროტესტი და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება არჩევნებზე.
“ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმ ღირებულებებისთვის, რისკენაც მივისწრაფვით. ბრძოლის გზა არის ორი: ერთი არის პროტესტი ამგვარი კანონების წინააღმდეგ, მათ შორის, მშვიდობიანი აქციები. მეორე – არჩევნები. ჩვენ რაც გვინდა – ევროპული ღირებულებები, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ პრობლემები გადაწყდეს ასეთი დემოკრატიული წესებით”, – უთხრა მარშანიამ “ნეტგაზეთს”.
“ქართულმა ოცნებამ” დაარღვია პირობა, რომელიც საზოგადოებას ერთი წლის წინ მისცა და ე.წ. რუსული კანონი ხელმეორედ დააინიციირა.
შარშან, 7-9 მარტის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურებების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლეოსობამ კანონპროექტი, რომელიც თავადვე დააინიციირა და პირველი მოსმენით მიიღო, მეორე მოსმენისას ჩააგდო. ამის შემდეგ, მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ.
2 აპრილს, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ, პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ რუსული კანონი ხელახლა, ამჯერად შეცვლილი სახელწოდებით დაინიციირდებოდა. “უცხოეთის აგენტების” ნაცვლად, ორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო გრანტებით მიღებული თანხაა, ამჯერად “უცხოეთის გავლენის გამტარები” დაერქმევათ.
რუსული კანონის ისევ დაინიციირებას უარყოფითად აფასებს საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი – , გაერო, ევროკავშირი, ცალკეული ევროპარლამენტარები, პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და ა.შ. კანონის მიღების საწინააღმდეგო მარში გაიმართა დღეს, 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.

ასევე დაგაინტერესებთ