აბაშიძე: ყველაფერს აქვს დასასრული, მე ვთხოვე პრემიერს, სხვა პიროვნებაზე გვეფიქრა

ზურაბ აბაშიძის თქმით, მან რამდენიმე თვის წინ მიმართა მაშინდელ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე სხვა ადამიანი დაენიშნათ.
“ყოველთვის ვგრძნობდი მისგან [] მხარდაჭერას, მივმართე თხოვნით, წინადადებით, რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობაზე.
ლოგიკა მარტივი იყო – 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი, დასასრული. მან პრინციპში, დადებითად მიიღო ჩემი მოსაზრება, წინადადება და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ვინ იქნება შემცვლელი. იმთავითვე დასახელდა გიორი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ის უნდა, დაბრუნებულიყო. გიორგი დაბრუნდა, ამ წლის იანვარში დაუსრულდა მას იქ მუშაობის ვადა და ახლა ის ინიშნება ამ თანამდებობაზე” – თქვა აბაშიძემ, რომელიც დღეიდან ირაკლი კობახიძის მრჩეველი იქნება. ის პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა.