UBER-ი საქართველოს ბაზარზე შემოდის

BMG-ის ინფორმაციით, ტაქსის გამოძახების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა, ამერიკული Uber-ი საქართველოში შემოდის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პირველ ეტაპზე, კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა ღირებულების სერვისს შესთავაზებს, მათ შორის ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის პრემიული სერვისი, სახელწოდებით Uber Black.
კონკრეტულად როდის გაეშვება Uber-ის სერვისი საქართველოში, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ BMG-ის ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენებას მომხმარებლები რამდენიმე კვირის შუალედში შეძლებენ.
Uber-ის აპლიკაცია, სახელწოდებით Uber GE, ქართულ App Store-სა და Google Play-ში უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო მომხმარებლებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ. თავად აპლიკაცია ქართულადაც არის ხელმისაწვდომი და შიგნით, ავტომობილების დანახვაც შეიძლება, მაგრამ ტაქსის გამოძახება, ამ ეტაპზე, შეუძლებელია.
2009 წელს სან-ფრანცისკოში დაფუძნებული Uber-ი ამჟამად 70 ქვეყანაში ოპერირებს, 6 მილიონამდე მძღოლს აერთიანებს და ყოველდღიურად 131 მილიონ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება. დაფუძნებიდან დღემდე Uber-ის ტაქსებს რამდენიმე მილიარდი შეკვეთა აქვთ შესრულებული, ზოგიერთი მათგანი კი ქვეყნებს შორის მოგზაურობასაც მოიცავდა. ტაქსის სერვისის გარდა, Uber-ის დახმარებით შესაძლებელია ამანათის მიტანა, საკვების გამოძახება და ცხოველის გადაყვანა. Uber-ის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება – კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $144 მილიარდს აღემატება.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ