ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი მინისტრად ნაციონალისტური პარტიის ვიცეპრეზიდენტი დაინიშნა

ქვეყნის ისტორიაში პირველად, ჩრდილოეთ ირლანდიის პირველ მინისტრად ნაციონალისტი პოლიტიკოსი, Sinn Féin-ის ვიცეპრეზიდენტი, მიშელ ო’ნილი დაინიშნა.
ო’ნილმა პირობა დადო, რომ “ყველას თანასწორობად ემსახურება და იქნება ყველას პირველი მინისტრი”, მათ შორის იუნიონისტებისაც.
“ჩვენს ხალხში ყველას შორის შერიგებაზე მუშაობას მთელი გულით ვუერთგულებ. წარსული ვერ შეიცვლება, მაგრამ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის უკეთესი მომავლის შენება”. – თქვა ო’ნილმა მისი დანიშვნის შემდეგ კანონმდებლებთან მიმართვისას.
ძალაუფლების გაზიარების პრინციპის ფარგლებში, პირველ მინისტრთან ერთად მისი მოადგილეც დაინიშნა, რომელსაც იგივე უფლებამოსილება და სტატუსი გააჩნია. ამ პოსტზე ქვეყნის მეორე ყველაზე დიდი პარტიის, დემოკრატიული იუნიონისტური პარტიის (DUP), წარდგენილი კანდიდატი, ემა ლითლ-ფენჯელი, ავიდა.
“მიშელი ირლანდიელი რესპუბლიკელია, ხოლო მე ძალიან ამაყი იუნიონისტი ვარ. ამ საკითხებზე ვერასდროს შევთანხმდებით, მაგრამ რაზეც შეგვიძლია შევთანხმდეთ არის ის, რომ სიმსივნე არ განასხვავებს და ჩვენს საავადმყოფოებს გამოსწორება სჭირდება”. – თქვა ლითლ-ფენჯელიმ.
ო’ნილი ქვეპირველი მინისტრი 2022 წელს უნდა გამხდარიყო, მას შემდეგ, რაც მაისის არჩევნების შედეგად მისი პარტია ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეაში ყველაზე დიდი გახდა.
თუმცა, DUP-მა Brexit-ის შემდეგ სავაჭრო წესების პროტესტის ნიშნად პირველი მინისტრის მოადგილედ საკუთარი კანდიდატის წარდგენასა და მოზიარე მთავრობაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.
სიტუაცია 2 წელი გაგრძელდა, სანამ 1 თებერვალს DUP-მა გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან შეთანხმებას არ მიაღწია.
ძალაუფლების გაზიარების პრინციპი არის ის, რაც განასხვავებს ჩრდილოეთ ირლანდიას დიდი ბრიტანეთის სხვა ერებისგან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მთავრობაში უნდა იყოს წარმომადგენლები როგორც ნაციონალისტური საზოგადოებიდან, რომლებიც მხარს უჭერენ ირლანდიის რესპუბლიკასთან გაერთიანებას და ასევე იუნიონისტებიდან, რომლებსაც ჩრდილოეთ ირლანდიის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენა სურთ.
ჩრდილოეთ ირლანდიას ჰყავს პირველი მინისტრი და პირველი მინისტრის მოადგილე – თუ ერთი არის იუნიონისტი, მეორე აუცილებლად უნდა იყოს ნაციონალისტი.
2006 წლიდან პირველ მინისტრს ასამბლეის ყველაზე დიდი პარტია ირჩევს. თუ ეს არის იუნიონისტური პარტია, მაშინ მინისტრის მოადგილე არის უმსხვილესი ნაციონალისტური პარტიიდან და პირიქით.
ორივე მინისტრს თანაბარი უფლებამოსილება აქვს და ერთი მეორის გარეშე თანამდებობაზე ვერ იქნება. თუ პირველი მინისტრი ან პირველი მინისტრის მოადგილე გადადგება, მეორეც იძულებულია გადადგეს, უნდა თუ არა ეს.