სუს: ამოვიღეთ ასაფეთქებელი მოწყობილობები, უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში გადაჰქონდათ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც თქვეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოში რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს. კერძოდ, საუბარია 6 ასაფეთქებელ მოწყობილობასა და 14 კილოგრამამდე ასაფეთქებელ ნივთიერებაზე.
სუს-ში აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება საქართველოში 19 იანვარს, უკრაინის ქალაქ ოდესიდან – რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით, საბაჟო პუნქტ სარფიდან შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთში, ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო პუნქტ დარიალის მეშვეობით იგეგმებოდა.
სუს-ში აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში ჩართული იყო საქართველოს – 7, უკრაინის – 3 და სომხეთის – 2 მოქალაქე. ამასთან, ირწმუნებიან, რომ პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას ს რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან ხალხის მსახური – ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით დანაა.
სუს-ში “ეჭვობენ”, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მოქალაქეების ჩართვა ამ პროცესში ემსახურებოდა “მოსაზრების შექმას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, დაჰბრალებოდა საქართველოს, როგორც დაგეგმვის, ისევე განხორციელების ნაწილში”.
სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადება სრულად:
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, წინასწარი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ელექტრო მანქანისათვის განკუთვნილი 2 ერთეული აკუმულატორი. არსებული აკუმულატორები გამოყენებული იყო კონტეინერებად, ორივე მათგანში ჯამში განთავსებული იყო 6 ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა.
აღნიშნული კონტეინერებიდან სპეციალური გამნაღმველი ჯგუფის მიერ ამოღებული იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება, რაც ექსპერტიზისთვის გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ხოლო ფარული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ კონტეინერებს დაუბრუნდა პირვანდელი ვიზუალური სახე და ე.წ. მულაჟების სახით, კვლავ დაბრუნებული იქნა ზემოხსენებულ ამანათში, რათა წარმოებული ფარული მოქმედებების შესახებ არ გამხდარიყო ცნობილი როგორც დამკვეთებისთვის, ისევე შემსრულებლებისათვის.
ამანათის შემდგომი გადაადგილების პროცესი, რა თქმა უნდა, კონტროლდებოდა კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მთავარ მიზანს წარმოადგენდა დამკვეთებისა და დამატებითი პირების დადგენა, რომლებიც შესაძლოა ჩართული ყოფილიყვნენ აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირების საქმეში. ასევე, დადგენილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილების მარშრუტი და მათი გამოყენების საბოლოო მიზნები.
დადგენილია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები სამხედრო წარმოების პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერება სი-4-ს შეიცავს, რომლის მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია ელექტრო დეტონატორის და სპეციალური ტაიმერის საშუალებით. ასაფეთქებელი ნივთიერების საერთო წონა 14 კილოგრამს აღწევს. კონტეინერში ასევე მოთავსებული იყო 6 ერთეული დეტონატორი და 6 ერთეული სპეციალური გასაღები. ასაფეთქებელი მოწყობილობის 6-ვე ყუთში დამონტაჟებული იყო მოქმედებაში მომყვანი ამდენივე ელექტრონული ტაიმერი, რომელშიც პროგრამულად ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო.
ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე. ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს. აღნიშნული ნივთიერების მუხტი სიმძლავრით ბევრად აღემატება ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის მუხტს.
კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული მოქმედებების შედეგად, გამოკითხული მოწმეების ჩვენებების და ამოღებული აუდიო-ფაილების საფუძველზე დგინდება, რომ ხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინის ქალაქ ოდესიდან, რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში შემოიტანეს საკონტროლო გამშვები პუნქტით სარფი, უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით და იგეგმებოდა მისი გატანა ს ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტის დარიალის მეშვეობით.
მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული ქვეყნიდან გატანა სცადეს აღნიშნული პუნქტიდან, ხოლო მეორე კონტეინერი 3 ასაფეთქებელი მოწყობილობით დატოვეს თბილისში, კონკრეტულ მისამართზე. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ შეჩერებული და ამოღებული იქნა აღნიშნული გზავნილი იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის საზღვარი საქართველოს მხრიდან.
სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობის საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქის განთავსებაში ჩართული იყო საქართველოს – 7, უკრაინის – 3 და სომხეთის – 2 მოქალაქე. საქმის მასალებით, პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატების კანდიდატი, პარტიიდან ხალხის მსახური ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა.
აღნიშნული პირი საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გადაადგილებას. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული პირებისთვის, გარდა შარაშიძისა, სავარაუდოდ, ცნობილი არ იყო მანქანის აკუმულატორებში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობისა და კაფსულ დეტონატორების შესახებ.
რაც შეეხება ქალაქ თბილისში დატოვებულ 3 ერთეულ ასაფეთქებელ მოწყობილობას, განკუთვნილი იყო ის რუსეთში გასატანად, თუ უნდა დარჩენილიყო საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად, ამას მიმდინარე გამოძიება დაადგენს. თუმცა აღნიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელს ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვა ემსახურებოდა მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაჰბრალებოდა საქართველოს, როგორც დაგეგმვის, ისევე განხორციელების ნაწილში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 231-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენას და შენახვას. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან 6-წლამდე. თუმცა გამოძიების პროცესში, შეიძლება დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან 15 წლამდე”

ასევე დაგაინტერესებთ