ჟურნალისტები კარლსონს პუტინთან ინტერვიუს გამო აკრიტიკებენ

ტაკერ კარლსონის, ტელეკომპანია “ფოქსის” ყოფილი წამყვანის მოსკოვიდან გაკეთებულ განცხადებას იმაზე, რომ მან ჩაწერა ინტერვიუ ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ბევრი ჟურნალისტის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ზოგიერთი მათგანი შიშობს, რომ ინტერვიუს კრემლი სავარაუდოდ, პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებს.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ მის ვიდეოანონსს 100 მილიონამდე ნახვა აქვს. კარლსონი ვიდეოში ამბობს, რომ მას რუსეთის დიდი ხნის პრეზიდენტთან ინტერვიუ სურდა იმიტომ, რომ ამერიკელებს აქვთ უფლება იცოდნენ ყველაფერი იმ ომზე, რომელიც მათაც ეხება. კრემლის პრესოფისის განცხადებით, ინტერვიუ სამშაბათს, 6 თებერვალს ჩაიწერა. ის ეთერში სავარაუდოდ დღეს, 8 თებერვალს გავა.
მარტის შუა რიცხვებში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება და პუტინს გამარჯვება გარანტირებული აქვს. ის კარლსონთან ინტერვიუს სავარაუდოდ იმ მოსაზრებით დათანხმდა, რომ ეს მის საარჩევნო კამპანიას დაეხმარება,- ამბობს რუსეთის საგამოძიებო გამოცემის “პროექტ მედია” მთავარი რედაქტორის მოადგილე მიხეილ რუბინი:
“კარლსონს უნდა ესმოდეს, რომ ის საპრეზიდენტო კამპანიის ნაწილია და სამწუხაროდ, ამით ის [პუტინს] დაეხმარება”, – უთხრა რუბინმა “ამერიკის ხმას”. მისი აზრით, კარლსონის ინტერვიუ კრემლს უფრო დადებით შუქში წარმოაჩენს. “ყველაზე მნიშვნელოვანია აჩვენონ, რომ პუტინი რუსეთში მყოფ ამერიკელ ჟურნალისტთანაც გახსნილია, რადგან რუსეთი ღია და თავისუფალი ქვეყანაა”.
პრობლემა კი იმაშია, რომ ეს სრული სიყალბეა, ამბობს რუბინი, რომელმაც რუსეთი საკუთარი უსაფრთხოების მოსაზრებით, 2021 წელს დატოვა. ვაშინგტონში მყოფი რუსი ჟურნალისტი ფიქრობს, რომ მას რუსეთში აუცილებლად დააპატიმრებენ. ”თუ რუსეთში დავბრუნდი, რამდენადაც მე მესმის, მეორე დღესვე დამაპატიმრებენ”. ის წუხს, რომ ამ ეტაპზე სრულიად გაურკვეველია, მოახერხებს თუ არა როდესმე მამის ნახვას. – თქვა რუბინმა, რომელიც ახლა ვაშინგტონში იმყოფება.
მსგავსი კრიტიკით სოციალურ მედიაში სხვა რუსი ჟურნალისტებიც გამოდიან.
„ასობით სხვა რუსი ჟურნალისტივით ვარ, რომლებსაც გადასახლებაში წასვლა მოუწიათ, რათა გააგრძელონ კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის საკითხების გაშუქება. ალტერნატივა ციხეში წასვლა იყო“, – ამბობს რუსი ჟურნალისტი ევგენია ალბატსი სოციალურ ქსელ X-ზე. მისი თქმით, ასეთი რეალობის ფონზე, კარლსონი ვიდეოს “მოსკოვში, ათასდოლარიანი “რიცის” ლუქსში იღებდა”.
სხვები კარლსონს რუსეთის არასწორად წარმოჩენის გამო აკრიტიკებენ და ფიქრობენ, რომ ზოგადად ამერიკული მედია არასაკმარისად აშუქებს რუსულ მედიაში შექმნილ ვითარებას. ისინი პრობლემას ხედავენ იმაში, რომ ამერიკელი ჟურნალისტი არ ამახვილებს ყურადღებას რუსეთში მედიის უმწეო მდგომარეობაზე, პრესის თავისუფლების სრულ უგულვებელყოფაზე, რაც რუსი ჟურნალისტების დაკავებაში და ქვეყნის იძულებით დატოვებაში გამოიხატება.
“ცალკე ამბავია ის, რომ ამერიკელი ჟურნალისტები არასაკმარისად აშუქებენ პუტინის ზე თავდასხმის რუსულ მხარეს, მაშინ როცა ორი მათგანი – ივან გერშკოვიჩი და ალსუ კურმაშევა- სწორედ ამის გამო ციხეში იმყოფებიან” – აცხადებს მაქს სედონი, გამოცემა Financial Times-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძვანელი.
სედონი გულისხმობს გერშკოვიჩს, ამერიკული “უოლ-სტრიტ ჯორნალის” კორესპონდენტს, რომელიც რუსეთში 2023 წლის მარტის შემდეგ დაკავებულია. მოსკოვმა მას შპიონაჟის ბრალდება წაუყენა, რასაც ჟურნალისტი და ამერიკის მთავრობა კატეგორიულად უარყოფენ.
მეორე კი კურმაშევაა, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, ის “უცხოეთის აგენტად” უნდა დარეგისტრირებულიყო, ვინაიდან რუსეთის არმიაზე “დეზინფორმაციას” ავრცელებდა. ამ შემთხვევაშიც, როგორც ჟურნალისტი, ისე მისი მედიაორგანიზაცია ბრალდებებს უარყოფენ.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, ამ ორის გარდა, სულ ცოტა 20 სხვა ჟურნალისტი დააკავეს რუსეთში 2023 წლის ბოლოსთვის.