„რეაგირება უნდა გვქონდეს“ — ლიეტუვის პრეზიდენტი „რუსულ კანონზე“

ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადებით, საქართველო არათუ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ „რუსულ კანონს“ ლიეტუვის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრაზე გამოეხმაურა. გიტანას ნაუსედა და ანდჟეი დუდა დირმიშკესში სამხედრო წვრთნებს დაესწრნენ.
„ბოლო დღეებში სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ ზურაბიშვილთან. სამწუხაროდ, ის მოვლენები, კანონში ცვლილებები, რაც იქ იგეგმება, ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი ახლო ქვეყანა — საქართველო — არ უახლოვდება, პირიქით, შორდება ევროპულ იდეალებს. ეს ნამდვილად ქმნის დაბრკოლებებს ევროინტეგრაციის გზის შეუფერხებლად გაგრძელებაში. ამიტომ, ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ“, — განაცხადა ნაუსედამ 26 აპრილს.
გუშინ, 25 აპრილს, სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ლიეტუვის პრეზიდენტს შორის. ლიეტუვის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე.