„ლარის კურსი წელს 2.70-2.73-ის შუალედში დაასრულებს“ – ფინანსისტი

ლარის კურსი წლის ბოლომდე სტაბილური იქნება, 2024 წლიდან კი გამყარდება, ასეთია ეკონომისტთა ნაწილის პროგნოზი, რაც ერთი მხრივ არჩევნების მოახლოებას და მეორეს მხრივ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებას უკავშირდება.
სებ-ის გადაწყვეტილებით კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე შემცირდება. ამ ცვლილებას ეკონომისტები მიესალმებიან და როგორც ამბობენ, გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილება საბანკო სისტემაზე წნეხს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს, ეროვნულ ვალუტას სტაბილიზაციასა და გამაყრებაში დაეხმარება.
როგორც საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა, ფინანსისტმა ნიკა შენგელიამ „კომერსანტთან“ განაცხადა, მიმდინარე ეტაპზე გაუფასურების ფაქტორი არ არსებობს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლარის კურსი ამ წელს დაასრულებს 2.70-2.73-ის შუალედში. ახლა გაუფასურების ფაქტორი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ შემოსული ტრანზაქციები შემცირდა, მაინც საკმაოდ რაოდენობის უცხოური ვალუტა ირიცხება ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ეს კურსი დაგვრჩება.
2024 წელს კი სავარაუდოდ, ასეთი კურსი შენარჩუნდება თებერვლის ბოლომდე. არჩევნების წელი გველის და ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია. ამიტომ მომავალ წელს მთავრობა ყველა შემთხვევაში მოახერხებს სტაბილიზაციას, რათა არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე ზედმეტი მღელვარება არ მოხდეს“, – ამბობს ნიკა შენგელია.
Galt&Taggart-შიც ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.7-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.
„ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.7-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. რაც შეეხება ლარი/ევროს წყვილს, 2024 წელს საშუალოდ 3.0-ის ფარგლებში ვპროგნოზირებთ. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვამ 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 1.3 მლრდ დოლარი შეადგინა“, – აღნიშნავენ Galt&Taggart-ში.
ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6816 ლარი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ