იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პროკურატურის შესახებ” კანონში ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „პროკურატურის შესახებ” კანონში ცვლილება განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონპროექტით, პროკურატურაში წესდება პირველი, მეორე და მესამე რანგი. რანგირების სისტემა ერთიანი იქნება გენერალური პროკურატურის, სა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურატურებისა და სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის.
რანგირებას მხოლოდ პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი დაექვემდებარებიან. ცვლილების თანახმად, პროკურატურის პრაქტიკანტებს უმაღლესი იურიდიული განათლების ქონა არ მოეთხოვებათ.
კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს წოდებისათვის დადგენილ სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება კი შეიძლება მოიცავდეს რანგის დანამატს.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, პროკურატურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში უნარჩუნდება, მათ შორის, წოდებისათვის დადგენილი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი.
პროკურორს და პროკურატურის გამომძიებელს კი, მათ შორის, ასევე უნარჩუნდება რანგის დანამატი.
კანონპროექტის ავტორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, დაჩქარებული წესით განხილვა, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული გარკვეული საკითხები უკავშირდება პროკურატურის სისტემაში რანგირების პრინციპების დაზუსტებას, რაც შესაბამის ფინანსურ საკითხებთან – სარგოებთან არის დაკავშირებული.
„აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ მომდევნო კალენდარული წლიდან სწორად მოხდეს თანხების დაანგარიშება, მიზანშეწონილია, რომ ამ საკითხის განხილვა ჩვენ დავასრულოთ საშემოდგომო სესიის ფარგლებში”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
კომიტეტმა, ასევე, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა თანმდევი კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.
ცვლილებით განისაზღვრება, რომ საპროცესო შეთანხმების დადების ცალკეული შემთხვევები საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან უნდა შეთანხმდეს. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობა არ გამოიყენება იმავე კოდექსით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, რომელიც სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და მის ჩადენას ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა შედეგად.

ასევე დაგაინტერესებთ