ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 4 მარტს დაიწყება და 4 აპრილს დასრულდება

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
“2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 4 მარტიდან შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge. მანამდე კი (რეგისტრაციის დღეს), როგორც რეგისტრაციის პროცესის, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოსაცდელები უნდა ეწვიონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge.
რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია.
ძირითად ეტაპზე – 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ” – წერია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის გავრცელებულ განცხადებაში.