PSC-ის დელეგაცია – საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობისთვის კარი ღიაა

ევროკავშირში წევრობისთვის კარი ღიაა , – ამის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საბჭოს (PSC) დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომლებიც ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან.
დელეგაციის პრესრელიზის თანახმად, ბოლო 7 წლის მანძილზე საქართველოში PSC-ის პირველი მსგავსი ვიზიტის ფარგლებში PSC-ის წევრებმა სხვადასხვა შეხვედრებში საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე „მომენტით სარგებლობის” მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.
„2023 წლის 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირში წევრობისთვის კარი ახლა ღიაა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საბჭოს (PSC) წევრები 10-11 აპრილს სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში.
დელეგაცია, რომელსაც PSC-ის თავმჯდომარე ელჩი დელფინე პრონკი ხელმძღვანელობს, შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. [დელეგაციის] წევრები ასევე ეწვევიან ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას (EUMM) და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს.
განცხადების თანახმად, ვიზიტი რეგიონში ფართო ტურის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს შეხვედრებს სომხეთში (8-9 აპრილს), ისევე როგორც აზერბაიჯანში (11-12 აპრილი) და მიზნად ისახავს რეგიონში ევროკავშირის საკვანძო მნიშვნელობის პარტნიორებთან დიალოგის გაძლიერებას.

ასევე დაგაინტერესებთ