ISW: პუტინი ცდილობს საარჩევნო „რეკორდი“ გამოიყენოს უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის

ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87%-ით გაიმარჯვა, ცდილობს, ეს შედეგი გამოიყენოს ში ხანგრძლივი ომისთვის. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს.
18 მარტს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის შედეგი და ამომრჩეველთა აქტივობა(77,44%) რუსეთის უახლეს ისტორიაში „სარეკორდო“ და „უპრეცედენტო“ მაჩვენებელია.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი, ოფიციალური შედეგების გამოცხადება დაემთხვა 18 მარტს, როცა რუსეთში აღნიშნავდნენ ს „დაბრუნების“ მეათე წლისთავს.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, პუტინმა 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში და უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში დაწყებული ომის შედეგად ოკუპირებულ და ანექსირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში მიიღო ხმების 88,12%-დან 95,23%-მდე. ამერიკელი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზეც, რომ არმიის პირადი შემადგენლობის 97,27%-მა ხმა პუტინს მისცა.
ISW წერს, რომ უკრაინის რეგიონებში პუტინის „სარეკორდო“ მხარდაჭერა, როგორც ჩანს, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ორგანიზებული გაყალბების და იქ მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების იძულების შედეგია.
პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი დიდი მხარდაჭერა მოულოდნელი იყო, აჩვენებს, რომ ხალხი რუსეთის მადლიერია და რუსეთიც ისევ ყველაფერს გააკეთებს მათ „დასაცავად”. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინი განაგრძობს საინფორმაციო ველის შექმნას დაცვის საბაბით უკრაინაში ხანგრძლივი ომის და ოკუპაციის გასამართლებლად, მაშინ როცა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ადამიანებისთვის რეალური საფრთხე მხოლოდ რუსეთის აგრესიაა.
რუსეთის დამოუკიდებელი მედია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ წერდა, რომ უკრაინაში ომის ფონზე, კრემლის გეგმა იყო, ოფიციალური შედეგებით ეჩვენებინა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ისტორიაში ამომრჩეველთა „უპრეცედენტო“ აქტივობა და პუტინის „უპრეცედენტო“ მხარდაჭერა.
დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც პუტინს სამი „კონკურენტი” ჰყავდა, მასშტაბური დარღვევებით ჩატარდა, მათ შორის იყო საარჩევნო ურნებში ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა იძულება.
რუსეთში ამომრჩეველთა უფლებების დამცველმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ Голос(ხმა) 18 მარტს განაცხადა, რომ პუტინის კანდიდატურის სასარგებლოდ „ჩაყარეს“ უპრეცედენტო რაოდენობის, 22 მილიონი ხმა.
Голос-ის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები არ შეესაბამებოდა კონსტიტუციის ნორმებს და მისი ლაიტმოტივი იყო სიტყვა იმიტაცია – კანონიერების, არჩევანის, აგიტაციის და საჯაროობის იმიტაცია, ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ოპოზიციის მონაწილეობის იმიტაცია და საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის და არჩევნებზე დაკვირვების იმიტაცია.
საზოგადოებრივი მოძრაობის შეფასებით, არჩევნები ჩატარდა პირობებში, როცა სახელმწიფო აპარატი ჩართული იყო პროპაგანდაში, ამომრჩევლის იძულებასა და კონტროლში, რუსეთში ფაქტობრივად, გაჩნდა შიშით და ძალით ჩანერგილი სამხედრო ცენზურა და არჩევნებმა ვერ შეასრულა მთავარი ფუნქცია – ვერ შექმნა წარმოდგენა მოქალაქეთა რეალური განწყობების შესახებ და მათ არ მისცა საშუალება, ქვეყნის მომავალი დამოუკიდებლად და თავისუფლად გადაეწყვიტათ.

ასევე დაგაინტერესებთ