CPJ: ავტორიტარული „ოცნების“ ხელში FARA-ს ფართო დებულებებმა შეიძლება მოსპოს დამოკიდებული პრესა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) ღრმა შეშფოთებას გამოხატავს უცხოელი აგენტების კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცების შესახებ და ამბობს, რომ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ პრესას საქართველოში.
CPJ-ის თქმით, მედია ჯგუფები შიშობენ, რომ კანონპროექტს, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები -ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) „ზუსტ ასლს“ უწოდებენ, უფრო სადამსჯელო გამოყენება ექნება, ვიდრე შეერთებულ შტატებში, სადაც იგი იშვიათად გამოიყენება მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებზე.
„CPJ გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის „ზუსტი ასლის“ მეორე მოსმენით დამტკიცებას. სულ უფრო ავტორიტარული „ქართული ოცნების“ ხელში FARA-ს ფართო დებულებებმა და სისხლის სამართლის სანქციებმა შეიძლება მოსპოს საქართველოს დონორებზე დამოკიდებული პრესა და მედია ადვოკატირების ჯგუფები“, — განაცხადა გულნოზა საიდმა, CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი აცხადებს, რომ კომენტარისთვის პარტია „ქართულ ოცნებას“ ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მმართველი პარტიის თქმით, ამერიკული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA)-ს ასლია.
კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომლის ხელმძღვანელიც რაჟდენ კუპრაშვილია.
„FARA-ს ასლით“ ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს უცხოური ძალის ჩარევად და ასევე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი – აგენტად.
„თუ საქართველოში დღეს მოქმედი „გამჭვირვალობის კანონი“ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ონლაინ მედიებსა თუ მაუწყებლებზე ვრცელდება, ამერიკული კანონი ვრცელდება ფიზიკურ პირებზეც. ვრცელდება აბსოლუტურად ნებისმიერ კორპორაციაზე, ნებისმიერ მეწარმეზე, რა ფორმითაც არ უნდა იყოს იგი ორგანიზებული. იქნება ეს შპს თუ არა შპს, იქნება ეს ფიზიკური პირი თუ არა, პირთა გაერთიანება იურიდიული პირი, სტატუსის გარეშე… ნებისმიერი ფორმა, რაც კი არსებობს საკანონმდებლო სივრცეში, აბსოლუტურად ყველაზე გავრცელდება“, — აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი არჩილ გორდულაძე.