კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.
კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, 2025 წლის II კვარტალში შპს „ფორმულა მულტიმედიამ“ კვიპროსში რეგისტრირებული იურიდიული პირის – „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან 1,336,675 ლარი მიიღო. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში, „ფორმულას“ „ფორმულა მულტიმედიასგან“ 463,000 ლარი აქვს მიღებული.
„ფორმულასა“ და „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი სტატისტიკური ანგარიშების ფორმებიდან დადგინდა, რომ „ფორმულას“ მიერ „ფორმულა მულტიმედიასგან“ მიღებული თანხა წარმოადგენდა სესხს. თავის მხრივ, ფორმულა მულტიმედიას“ მიერ „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან მიღებული თანხაც წარმოადგენდა სესხს. ანგარიშების ფორმებიდან დადგინდა ისიც, რომ „ფორმულა მულტიმედიას“, გარდა უცხოეთში დარეგისტრირებული იურიდიული პირის – „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან მიღებული დაფინანსებისა, სხვა მნიშვნელოვანი შემოსავალი არ გააჩნია.
გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლებს ზემოაღნიშნული დაფინანსება მიღებული აქვთ მას შემდეგ, რაც 2025 წლის 1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და აიკრძალა უცხოური ძალისგან მაუწყებლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება, ამასთან, აღნიშნული დაფინანსება ვერ ჯდება კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის განთავსება), კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“ წერილობით გააფრთხილა და „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.
ამავე კანონის დარღვევისთვის, კომუნიკაციების კომისიამ რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
„ქართულმა ოცნება“ აპრილში მიიღო კანონი, რომლითაც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღება აეკრძალათ, რითაც ისედაც კრიზისში მყოფი კრიტიკული ტელევიზიების მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.
როგორც კრიტიკული ტელევიზიების წარმომადგენლები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მათ შემოსავლებში უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება უმნიშვნელოა, „ოცნების“ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები უსპობთ შესაძლებლობას, დახურვის პირას მისულმა მაუწყებლებმა სამომავლოდ გადარჩენა დონორების დახმარებით შეძლონ.
„ოცნების“ მიერ მიღებული კანონით აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
ასევე, „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება“.
„ოცნების“კანონი უცხოურ ძალად განსაზღვრავს:
· უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
· ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
· იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;
· ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული“.
· “ოცნების” ახალი კანონპროექტი, როგორც „საკონტროლო გასროლა“ მაუწყებლების წინააღმდეგ
