Calciomercato: “ნაპოლის” მომავალი ტრანსფერები ოსიმენიდან “კვარამდე” და დი ლორენცომდე – რამდენი შეიძლება გამოიმუშაოს დე ლაურენტისმა?”

Calciomercato ზაფხულში „ნაპოლიში“ რევოლუციურ ცვლილებებს აანონსებს:
„ნაპოლის“ ყველა ტრანსფერი ოსიმენიდან „კვარამდე“ და დი ლორენცომდე – რამდენი შეიძლება გამოიმუშაოს დე ლაურენტისმა?
„ეს დიდი სატრანსფერო ცვლილებების ზაფხული იქნება, რომელშიც წინა პლანზე „ნაპოლი“ გამოვა. ბევრი აუცილებლობის გამო წავა, რათა იმედგამაცრუებელი სეზონი უკან მოიტოვონ; ზოგიერთს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურება. რამდენიმე თვის წინ არსებული ვითარება შეიცვალა და როგორც ჩანს, ხელშეუხებელი აღარავინაა. თუმცა, არიან ისეთები, რომლებიც სხვებზე მეტად ახლოს არიან გუნდის დატოვებასთან.
პირველი, ვისაც დაემშვიდობებიან, ზელინსკია, რაც უკვე კარგა ხანია ცნობილია. „ნაპოლიში“ გატარებული რვა წლის თავზე პოლონელთან
თანამშრომლობა სრულდება და ის „ინტერს“ მიაშურებს. მომდევნო ოსიმენია, რომელთანაც განახლებულ ხელშეკრულებაში ჩადებული გამოსასყიდი ფასის მიხედვით, დე ლაურენტისი სარეკორდო, 130 მილიონ ევროს მიიღებს. ნიგერიელი პსჟ-ში გადავა. რაღაც დაცვის ხაზშიც შეიცვლება. ოსტიგორი გასაყიდთა სიაში მოხვდება და კლუბის ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონით შეივსება, ნათანს კი გაანათხოვრებენ.
ბევრი რამ გაურკვეველია, რამეთუ, როგორც ადრე აღვნიშნეთ, არავინ არაა ხელშეუხებელი. პირველ რიგში, ეს კვარაცხელიას და ლობოტკას ეხება. ამასთან, დე ლაურენტისს არ სურს თავისი საკვანძო ფეხბურთელების გარეშე დარჩენა. ყურადღების მიქცევას საჭიროებს მეკარეთა საკითხი. მერეტი „რომასა“ და სხვა გუნდების თვალთახედვის არეშია და გასხვისების შემთხვევაში, აურელიო 10-12 მილიონს მოითხოვს, მაგრამ მასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრისას დამატებულმა დენდონკერმა და ტრაორემ თავი ვერ წარმოაჩინეს და იჯარის დასრულებისთანვე პრემიერლიგაში დაბრუნდებიან. აი, ლინდსტრიომი კი, ინვესტიციისა და მოლოდინის გათვალისწინებით, ნამდვილი იმედგაცრუებაა. მან შეიძლება ბედი სხვაგან სცადოს, არაა გამორიცხული, იჯარით. ისევე როგორც კაიუსტემ, რომელმაც ნახევარდაცვას ვერაფერი შესძინა.
ეჭვს იწვევს ოსიმენის დუბლიორების, რასპადორის და სიმეონეს საკითხი. „ჩოლიტოს“ მეორე ან მესამე თავდამსხმელად უწევდა ყოფნა, თამაში უნდა და 20 მილიონად მისი გაყიდვა ურიგო გარიგება არ იქნება (ლაციო ყურადღებით აკვირდება). სრულიად სხვა სიტუაციაა რასპადორისთან დაკავშირებით, რომელსაც შეეცდებიან, ახალი მწვრთნელის ხელში შემადგენლობაში ადგილი მოუნახონ.
ვინც არ გაიყიდება – „ჩემი ფეხბურთელები მომავალ წელს გუნდში დარჩებიან“, – განაცხადა ცნობილმა აგენტმა მარიო ჯუფრედიმ. მისი კლიენტები დი ლორენცო, მარიო რუი, პოლიტანო, ფოლორუნშო და გაეტანო არიან. სავარაუდოდ, პირველ სამს დარჩენის შანსი აქვს. „ვერონაში“ იჯარის წესით გატარებული კარგი სეზონიდან გამომდინარე, ფოლორუნშომ ნახევარდაცვა უნდა გააძლიეროს. 23 წლის გაეტანომ „კალიარიში“ პროგრესი განიცადა და მის დაბრუნების და გამოყენების შესაძლებლობას ახალი მწვრთნელი გადაწყვეტს“.

ასევე დაგაინტერესებთ