ANGELINA, Chotto Matte, Roberto’s, Rumba, beefbar – 5 საერთაშორისო კვების ბრენდს, მალე, კიდევ 3 დაემატება. „ცენტრალ პარკ თაუერსი“ მათ შესახებ ინფორმაციას, ჯერჯერობით სიურპრიზად ტოვებს

ANGELINA, Chotto Matte, Roberto’s, Rumba, beefbar – 5 საერთაშორისო კვების ბრენდს, მალე, კიდევ 3 დაემატება. „ცენტრალ პარკ თაუერსი“ მათ შესახებ ინფორმაციას, ჯერჯერობით სიურპრიზად ტოვებს
$350 მლნ-იანი პროექტის მშენებლობა თბილისის ცენტრში, ალ. ყაზბეგის გამზირზე თითქმის დასრულებულია. კომპლექსი საქართველოსა და არამარტო ჩვენს ქვეყანაში, უნიკალურია. მის გამორჩეულობას ის ბრენდებიც უსვამს ხაზს, რომელიც „ცენტრალ პარკ თაუერსშია“ წარმოდგენილი. კომპლექსში, კვების 8 საერთაშორისო ბრენდი დაიწყებს ოპერირებას. ისინი ქართულ ბაზარზე პირველად შემოდიან. 5 საერთაშორისო ბრენდის ვინაობა უკვე ცნობილია. მათ შორის არიან მსოფლიოში ცნობილი კაფე ANGELINA, იაპონური რესტორნების ქსელი Chotto Matte, იტალიური რესტორნების ბრენდი დუბაიდან Roberto’s, კუბური რესტორნების ქსელი Rumba და მსოფლიოში ცნობილი სტეიქ ჰაუსის ქსელი beefbar. ამ ბრენდებს კიდევ სამი ემატება.
საინვესტიციო კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს ქართული, ბერძნული და ჩინური სახელგანთქმული რესტორნებია, რომლებთანაც შეთანხმება უკვე მიღწეულია.
,,ჯამში 8 კვების ობიექტი იქნება. ჩვენ ამ დრომდე წარვუდგინეთ საზოგადოებას, მხოლოდ 5. კიდევ სამს გამოვაცხადებთ ძალიან მალე. შეთანხმებები უკვე მიღწეულია ყველასთან. უკვე წარდგენილი ANGELINA ძალიან ცნობილი კაფეა. 1903 წელს გაიხსნა პირველად. ,,ცენტრალ პარკ თაუერსში’’ წარმოდგენილი იქნება beefbar-ი, რომელიც ყველაზე დიდი სტეიკ ჰაუსების ქსელია მსოფლიოში. ასევე წარვუდგინეთ საზოგადოებას Chotto Matte, რომელიც იაპონური რესტორნების ქსელია ლონდონიდან. Roberto’s-ი კი, იტალიური რესტორანია დუბაიდან. Rumba, ასევე კუბური რესტორნების ქსელია დუბაიდან. კიდევ დაემატება ამას ქართული, ბერძნული და ჩინური რესტორნები, რომლებსაც რამდენიმე თვეში დავასახელებთ. დაახლოებით 12 მსოფლიოს საუკეთესო, საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი ერთ მისამართზე“, – აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი.
დასახელებული ბრენდები მსოფლიოში დიდი პოპულარობით და ავტორიტეტით სარგებლობენ. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად იქნება მათთვის მისაღები ქართულ ბაზარზე ოპერირება. ამ კითხვით “ბლოკ ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს მივმართეთ. თორნიკე ჯანაშვილი განმარტავს, რომ ,,ცენტრალ პარკ თაუერსი’’ მაღალმხარჯველ ტურისტებზეა გათვლილი, შესაბამისად, კომპლექსი მათ ყველა საჭირო სერვისს შესთავაზებს, რაც დამსვენებლების კომფორტზე იქნება ორიენტირებული. ჯანაშვილის თქმით, ბრენდები პროექტის წარმატებაში დარწმუნებულები არიან.
,,კომპლექსი თვისობრივად განსხვავებულია, რადგან დამსვენებლებს, რომლებიც ჩამოდიან ქვეყანაში, ეს რეზორტი შესთავაზებს აბსოლუტურად ყველაფერს. ადამიანს არ მოუწევს საერთოდ არსად გასვლა. მას ყველა კომფორტი ექნება შექმნილი ადგილზე. ჩვენ გვსურდა ბაზარზე მაღალმხარჯველიანი ტურისტის გაჩენა, თუმცა მაღალმხარჯველიანი ტურისტები რომ მოიზიდო, მათ სჭირდებათ მაღალი კლასის შოპინგი, მაღალი კლასის რესტორნები, მაღალი კლასის სასტუმროები და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ ერთ პროექტში შევქმენით უნიკალური პრეცედენტი და თავი მოვუყარეთ ასეთ განსაკუთრებულ ინფრასტრუქტურასა და ბრენდებს. ესენი არ არიან პატარა კომპანიები. ძალიან ბევრ, მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებსა და ბაზრებზე არიან წარმოდგენილები. მათთან წარმატებულ მოლაპარაკებებს, წინ უძღოდა წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში კვლევების ჩატარება, ანალიზი და ა.შ. მათაც სჯერათ, რომ ეს პროექტი იქნება განსაკუთრებით წარმატებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაახლოებით 350 მლნ.-დოლარიან ინვესტიციას ვდებთ ამ პროექტში და ამას არ გავაკეთებდით.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში თორნიკე ჯანაშვილი.
კომპლექსის დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის იგეგმება. თითქმის დასრულებულია სამშენებლო სამუშაოები. შიდა სამუშაოების პარალელურად, ფასადის მოწყობა მიმდინარეობს. კომპლექსი ორ სასტუმრო თაუერსს აერთიანებს. ერთში წარმოდგენილია ,,რედისონ ბლუ’’, რომლის თითქმის ყველა ნომერი უკვე გაყიდულია. რაც შეეხება მეორე თაუერს, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, თუმცა საინვესტიციო კომპანია “ბლოკ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი სასტუმრო ოპერატორს, რომელიც მართვაში შემოდის, ამ ეტაპზე არ ასახელებს.
,,მშენებლობა უკვე დასრულების ეტაპზე გადავიდა. პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ეს ვიზუალურადაც ეტყობა უკვე შენობას. ბოლო სართულების დასხმა და შიდა სამუშაოების პარალელურად, საფასადე სამუშაოები მიმდინარეობს. ორი სასტუმრო თაუერია. ერთში წარმოდგენილია ,,რედისონ ბლუ’’. ,,რედისონ ბლუს“ სასტუმრო ნომრების გაყიდვა პრაქტიკულად დასრულდა უკვე. მეორე თაუერში რამდენიმე დღისწინ გამოვაცხადეთ გაყიდვები. ოპერატორს ჯერჯერობით ვერ ვასახელებთ, თუმცა ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ. ეს არის საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორი. იგეგმება ერთობლივი მარკეტინგული კამპანია. ეს არის მსოფლიოს მასშტაბის ინფორმაცია. რამდენიმე თვეში შევძლებთ, რომ გამოვაცხადოთ ოფიციალურად. თუმცა შეთავაზება უკვე არსებობს და დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერს შეუძლია ინვესტირება ამ მიმართულებით.’’- აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი.
კომპლექსში ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს ,,ცენტრალ პარკ თაუერსი’’ განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. მეორე თაუერში პირველი 50 ნომრის მფლობელი 15 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად გარანტირებულ 25 ათას დოლარიან ქირის შემოსავალს მიიღებს. შემდეგი 25 წლის განმავლობაში კი საპროგნოზო შემოსავალი 45-50 ათას დოლარად არის შეფასებული. თორნიკე ჯანაშვილი ,,კომერსანტს“ შეთავაზების დეტალებზე ესაუბრა.
,,კონტრაქტმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ აბსოლუტურად განსხვავებული და განსაკუთრებული პროდუქტი წარმოგვედგინა. ეს არის სასტუმრო ნომერი, რომელსაც ფიქსირებული, გარანტირებული ქირის შემოსავალი აქვს. ანუ პირველ 50 ნომერზე 250 ათას დოლარიან ინვესტიციაზე თქვენ ყოველწლიურად 25 ათასი დოლარი გარანტირებულად, ფიქსირებულად, ქირით შემოგდით საერთაშორისო ოპერატორიდან, უწყვეტად 15 წლის განმავლობაში. კონტრაქტი, შემდგომი 25 წელიც გრძელდება, სადაც უკვე საპროგნოზო შემოსავალი გახლავთ 45-50 ათასი დოლარი. ამიტომ ეს უნიკალური პროექტია, არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე.’’- განმარტავს თორნიკე ჯანაშვილი.
პროექტში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულები არიან არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ინვესტორებიც. რას აძლევს მათ ,,ცენტრალ პარკ თაუერსში’’ ჩადებული ინვესტიცია? ამ კითხვით ,,კომერსანტმა’’ საინვესტიციო კომპანია “ბლოკ ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს მიმართა.
,,ბაზარმა ძალიან კარგად გაიგო, თუ რა განსაკუთრებული პროდუქტია. წარმოიდგინეთ, თაუერში ყიდულობთ ,,რედისონ ბლუს“ ნომერს, რომელიც 40 წლიანი მართვის კონტრაქტით არის წარმოდგენილი. თქვენ, ინვესტორს არაფრის კეთება არ გიწევთ, გარდა ფინანსური თანამონაწილეობისა. ყველაფერზე პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ. შემდგომში უკვე, საერთაშორისო ოპერატორი შემოდის მართვაში და ყველა ინვესტორზე თანაბრად ნაწილდება სასტუმროს მოგება. მოდელის უნიკალურობა ისიცაა, რომ ჩვენ ვდებთ როგორც დეველოპერი კომპანია ამ განსაკუთრებულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციას და სხვა ინვესტორს არ უწევს ამის გაკეთება. შესაბამისად, ინვესტორს რჩება მაღალ მარჟიან სასტუმრო ბიზნესში დაბანდება. ასეულობით მილიონი არის დახარჯული ინფრასტრუქტურაში. შესაბამისად, სჯერათ, რომ ეს იქნება საუკეთესო სასტუმრო საქართველოში. თუ რამემ უნდა იმუშაოს, პირველ რიგში ამ სასტუმრომ უნდა იმუშაოს. მეორე შემთხვევაში, გვყავს სხვა ოპერატორი.’’- აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი.
,,ცენტრალ პარკ თაუერსი’’ „ორბი ჯგუფისა“ და „ბლოქის“ ერთობლივი პროექტია. მისი დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის იგეგმება.