Amnesty International-ი თბილისში მიმდინარე აქციებზე: უნდა დადგეს პოლიციის პასუხისმგებლობა

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-ი თბილისში მიმდინარე აქციებს და პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო პოლიციის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.
“რაც გუშინ ჩვენ ვნახეთ თბილისში, ეს იყო ბრუტალური ანგარიშსწორება იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც შეკრების უფლებას მშვიდობიანად იყენებდა. სახელმწიფო უწყებები იქცეოდნენ ისე, თითქოს მათი პრეროგატივაა გადაწყვიტონ, როდის შეუძლია ხალხს აქციის გამართვა და როდის არა […] ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიცია მისდევდა და ხელკეტებით სცემდა გაქცეულ დემონსტრანტებს” – წერია Amnesty International-ის განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, მშვიდობიან დემონსტრანტებთან თანამშრომლობის ნაცვლად პოლიციამ 16 აპრილს სადამსჯელო ღონისძიება ჩაატარა. Amnesty International-ი შეახსენებს საქართველოს მთავრობას, რომ შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მათ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებები აქვთ.