ADB-ის სექტორული ჯგუფის გენერალური დირექტორი – თბილისს, ურბანული მობილობის კუთხით, საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, პანელური დისკუსია – „ელექტრონული მობილობის მართვა აზიისა და წყნარი ოკეანის განვითარებად ქვეყნებში“ გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სემინარზე აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში „მწვანე ტრანსპორტის“ ტენდენციებზე იმსჯელეს. მათ შორის, წარმოადგინეს ADB-ის ყოვლისმომცველი მიდგომა ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით, ყველა ძირითადი სატრანსპორტო მიმართულებით.
დისკუსიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აზიის განვითარების ბანკის სექტორული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა რამეშ სუბრამანიამმა მიმართა და აღნიშნა, რომ სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით, თბილისში ურბანული მობილობის თვალსაზრისით, საკმაოდ კარგი მდგომარეობა არსებობს.
„არ ვიცი, თბილისის მოსახლეობა რას გრძნობს, მაგრამ ურბანული მობილობის კუთხით, საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვთ. იმ ქვეყნებში კი, რომელთაც ზოგიერთი ჩვენგანი წარმოადგენს, კარგად ვიცით, რომ ურბანული მობილობის მიმართულებით ბევრი გამოწვევა არსებობს და ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს. ტრანსპორტი მოქალაქეებს სამსახურებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აკავშირებს და ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს ავითარებს, თუმცა მას საკუთარი საფასური აქვს – ტრანსპორტი გლობალური ნახშირბადის ემისიის, დაახლოებით, მეოთხედს შეადგენს, რაც საკმაოდ შემაშფოთებელი სტატისტიკაა“, – განაცხადა ADB-ის სექტორული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა.
მისივე განმარტებით, პირველ რიგში, კრიტიკული საჭიროებებისა და ტრანსფორმაციისკენ მიმართული ქმედებების განსაზღვრაა საჭირო, ADB კი ნახშირბადის დონის შემცირებისთვის ინოვაციურ ქმედებებს მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს.
„აზიის განვითარების ბანკის ელექტრონული მობილობის პროგრამა შვიდ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ურბანული მობილობის, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ემსახურება. საქართველოში „ს“ „მწვანე ავტომობილების“ პროექტი დავაფინანსეთ. ცვლილებების განსახორციელებლად, პირველ რიგში, საჭიროა დაფინანსების არსებობა, თუმცა მასთან ერთად, მნიშვნელოვანია მისი ეფექტური აღსრულების პოლიტიკა“, – განაცხადა რამეშ სუბრამანიამმა.
როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრა, რომელშიც 68 ქვეყნის 4 000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, თბილისში 2-5 მაისს გაიმართა. ღონისძიებების მონაწილეებს შორის იყვნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, დიპლომატები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და სამთავრობო დელეგაციები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი