რატომ დაუპირისპირდნენ ტეილორ სვიფტს ამერიკელი ულტრამემარჯვენეები

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მომღერალი ტეილორ სვიფტი ცოტა ხნის წინ ამერიკელი ულტრამემარჯვენეების შეთქმულების თეორიების სამიზნე გახდა. ამ კონსპირაციების თანახმად, სვიფტი არის „იარაღი“, რომლითაც ჯო ბაიდენს ნოემბერში საპრეზიდენტო უნდა მოაგებინონ, რისთვისაც „ელიტები“ ძალ-ღონეს არ იშურებენ და სპორტული შეჯიბრებების შედეგებსაც მანიპულირებენ.
„სი-ენ-ენის“ ცნობით, სვიფტის კრიტიკას მემარჯვენე და კონსერვატიული წრეები უკვე რამდენიმე კვირაა, აწარმოებენ, თუმცა ამჟამინდელი სახე ამ ყველაფერმა ორშაბათს მიიღო.
„გავლენა ჰქონდა პოპკულტურაზე, ეკონომიკაზე… რატომ არ ექნება პოლიტიკაზე?“
მართალია, ტეილორ სვიფტი უკვე საკმაო ხანია გართობის ინდუსტრიაში საქმიანობს და პოლიტიკასთან თითქმის არანაირი შემხებლობა არ აქვს, მისი პოპულარობა ამერიკელთა შორის საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა.
ინსტაგრამზე სვიფტს 280 მილიონი გამომწერი ჰყავს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მას, როგორც ჩანს, ამომრჩეველზეც აქვს გავლენა. იანვარში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 18% დიდი ალბათობით იმ კანდიდატს მისცემს ხმას, ვისაც სვიფტი დაუჭერს მხარს [17%-მა თქვა, რომ ნაკლები ალბათობით მისცემს ხმას სვიფტის ფავორიტს].
სვიფტის გავლენას ადასტურებს ისიც, რომ ინსტაგრამზე მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ამომრჩევლად დარეგისტრირების მოწოდებით [-ში არჩევნებზე ხმის მისაცემად აუცილებელია ცალკე პროცედურის– ამომრჩევლად რეგისტრაციის გავლა] – საკმაო გამოხმაურება მოჰყვა. „ენ-პი-არი“ აღნიშნავს, რომ 2023, როცა არჩევნები შტატების უმრავლესობაში არ ტარდება, საუკეთესო წელი იყო რეგისტრაციის მხრივ 2020-ის შემდეგ. 2020-ში კი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ამასთან ერთად, გაორმაგდა 18 წლის პირების რეგისტრაციის მაჩვენებელიც, ისინი კი, როგორც წესი, დემოკრატიულ პარტიას ანიჭებენ უპირატესობას.
„გავლენა იქონია პოპკულტურაზე, სპორტზე, აშშ-ის მთელი რეგიონების ეკონომიკაზე. რატომ არ იქონიებს პოლიტიკასა და არჩევნებზე“, – ამბობს „ნიუსვკთან“ ჯეიმზ ჰაგერტი, კომუნიკაციების კონსულტანტი.
დიდი პოლიტიკური აქტივობის არქონის მიუხედავად, 2018 წლის შემდეგ სვიფტს რამდენჯერმე მაინც დაუფიქსირებია თავისი პოზიცია – ყოველ ჯერზე ის ეწინააღმდეგებოდა კონსერვატორებისა და რესპუბლიკელების კანდიდატებს. 2018 წლის ტენესის სენატორის არჩევნებზე სვიფტმა მხარი დაუჭირა ფილ ბრედესენს [იგი დამარცხდა], 2020 წელს – პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ გამართულ პროტესტებს, ხოლო იმავე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში – ჯო ბაიდენს.
„პენტაგონის ფსიქოლოგიური ოპერაცია“
სვიფტის ირგვლივ კონსპირაციული თეორიების გამოჩენის ერთგვარი კატალიზატორი გახდა ამერიკული ფეხბურთი. საქმე ის არის, რომ სვიფტის პარტნიორი, ტრეივის კელსი „კანზას სიტი ჩეფსის“ ერთ-ერთი მოთამაშეა. მაშინ, როცა მისი გუნდი აშშ-ის ერთ-ერთ უმთავრეს სპორტულ მატჩზე, „სუპერ ბოულზე“ მოხვედრისთვის იბრძოდა, ტრამპის მხარდამჭერი პოდკასტის წამყვანმა, მაიკ კრისპიმ განაცხადა:
„ფეხბურთის ეროვნულმა ლიგამ ჩააწყო “ჩეფსის” მოგება. ეს ყველაფერი – დემოკრატების პროპაგანდის გასავრცელებლად. ახლავე გეუბნებით: “ჩეფსი” იგებს, მიდის “სუპერ ბოულზე”, სვიფტი კი შესვენაბზე გამოვა [შესვენებისას პოპ-ვარსკვლავების გამოსვლა მატჩის ჩვეული ნაწილია. თუმცა წელს არა სვიფტი, არამედ მომღერალი აშერი უნდა გამოვიდეს] და ჯო ბაიდენს დაუჭერს მხარს. ასეთი იყო ოპერაცია პირველივე დღიდან“.
მას შემდეგ, რაც კელსის გუნდმა მართლაც იმარჯვა და „სუპერ ბოულზე“ გაინაღდა ადგილი, შეთქმულების თეორიების გავრცელება სულ უფრო ინტენსიური გახდა. მოკლედ რომ ვთქვათ: ბაიდენის ადმინისტრაცია დაეხმარა კელსის გუნდს გამარჯვებაში, რათა სვიფტმა მოქმედ პრეზიდენტს დაუჭიროს მხარი. ამასთან ერთად, კრიტიკის ობიექტი გახდა თავად კელსიც, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელ „ფაიზერთან“ თანამშრომლობდა.
„ნეტავ, ვინ მოიგებს “სუპერ ბოულს”. ნეტავ, იქნება თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერა ხელოვნურად “გაპიარებული” წყვილისგან“, – განაცხადა ვივეკ რამასვამიმ, რომელიც 2024-ში რესპუბლიკელთა კანდიდატობისთვის იბრძოდა.
ამერიკის ყველაზე რეიტინგული ტელეარხის, „ფოქს ნიუსის“ ერთ-ერთმა წამყვანმა, ჯესი უოტერსმა კი სულაც ივარაუდა, რომ სვიფტი შეიძლება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს [პენტაგონი] ფსიქოლოგიური ოპერაციის ნაწილი იყოს, აღნიშნა, რომ ამის მტკიცებულება არ აქვს, მაგრამ გაიხსენა სვიფტის მიერ ბაიდენის მხარდაჭერა და ამომრჩევლად რეგისტრაციისკენ მოწოდება.
„ხომ არ არის სვიფტი დამალული პოლიტიკური დღის წესრიგის სახე?“, – იკითხა მან. პენტაგონმა ოფიციალურად უარყო უოტერსის განცხადება.
გარეკანის ფოტო: © EPA-EFE/CAROLINE BREHMAN