საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი იმყოფებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გენერალ-მაიორ ტომას კარდენს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალურ შტაბში უმასპინძლა.
„ორმხრივ შეხვედრაზე ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. შეხვედრის დასასრულს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა.
საქართველოში ვიზიტის განმავლობაში, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი მუხროვანში საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზას ესტუმრა. მან ასევე მოინახულა საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სასწავლო ცენტრი „პალდო“, სადაც ტერიტორიული რეზერვის სწავლებას დაესწრო“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.