ირაკლი კობახიძე – განხილვის დროს საუბარი გვქონდა, განსაკუთრებულ საჭიროებებზე, რომლებიც გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას აქვს – ბუნებრივია, ამით უნდა დავინტერესდეთ და ადგილზე ვიზიტიც იქნება მნიშვნელოვანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი სტატუსიდან გამდინარე მას აუცილებლად მოუწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა.
შესაბამისი განცხადებით გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ ის არასდროს ჩასულა საოკუპაციო ხაზთან.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე ვიზიტი იქნება მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას.
„ჩემი ახალი სტატუსიდან გამდინარე აუცილებლად მომიწევს [საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა]. ეს სტატუსთან არსებითად არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, მომიწევს ადგილზე ვითარების გაცნობა. მათ შორის, დღეს საპარლამენტო განხილვის დროს საუბარი გვქონდა, განსაკუთრებულ საჭიროებებზე, რომლებიც აქვთ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ბუნებრივია, ამით უნდა დავინტერესდეთ და ადგილზე ვიზიტიც იქნება მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან გელათის მონასტერში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კულტურის მინისტრთან ერთად აღნიშნულით დაინტერესდება.
„დავინტერესდები, რა თქმა უნდა, არსებული გარემოებებით, კულტურის მინისტრთან ერთან. ვნახავ ზოგადად რა ვითარებაა. არის გაფორმებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც საპატრიარქომ აიღო პასუხისმგებლობა. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს საგანძური იყოს დაცული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს უნიკალურ საგანძურს საფრთხე არ შეექმნას“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ