სომხეთის პრეზიდენტის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ რეგიონში რეალობა მნიშვნელოვნად შეცვალა. ამის შესახებ ფაშინიანმა საზოგადოებრივ რადიოსთან ისაუბრა.
“ჩვენი გარემო და ურთიერთობები შეიცვალა. დღეს მსოფლიო არ არის იგივე, რაც 5-6 წლის წინ იყო. ჩვენი ურთიერთობები ნებისმიერ ორგანიზაციასთან არ არის იმის მსგავსი, როგორიც ადრე იყო. ამ ურთიერთობების ფორმებიც შეცვლილია. შეცვლილია ჩვენი რეგიონიც. ბევრმა მნიშვნელოვანმა რეალობამ გამოიწვია ჩვენი რეგიონის ცვლილება და ერთ-ერთი ასეთი რეალობაა ის ფაქტი, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რასაც ჩვენ რეგიონზე ობიექტური გავლენა აქვს. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას [საქართველოს და თურქეთს] ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს. თუ ადრე შესაძლებელი იყო გეთქვა – სად არის ევროკავშირი და სად არის ჩვენი რეგიონი, ახლა, ფაქტობრივად, ევროკავშირი ჩვენს რეგიონშია და ჩვენ ეს ვიცით. ამ რეალობის გათვალისწინებით გვიწევს ურთიერთობა და ამ კუთხით მე ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საქართველოსთან სტრატეგიულ ურთიერთობას”. – თქვა ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონში არსებული რეალობა სომხეთის ამჟამინდელ კონსტიტუციაში “ცვლილებების შეტანის აუცილებლობის” კონტექსტში განიხალა.
სომხეთის პრეზიდენტის თქმით, ამჟამინდელი კონსტიტუცია, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციას ეფუძნება რესპუბლიკისთვის ფატალურ რისკებს შეიცავს.
მანამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თქვა, რომ სომხეთის კონსტიტუციიდან ყარაბაღის საკითხის ამოღება მშვიდობის დამყარების აუცილებელი პირობაა.
ამჟამინდელ კონსტიტუციაში არის პუნქტი ე.წ. მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის გაერთიანების შესახებ.