შეერთებულ შტატებს აქვს ახალი უფლებამოსილებები რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდისთვის, თუმცა მისი ზეგავლენა დამოკიდებული იქნება იმაზე, გამოიყენებს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია მათ თანმიმდევრულად და განუმარტავს თუ არა მკაფიოდ მოსკოვსა და სხვა მთავრობებს, თუ რას ელის მათგან, – განუცხადა რადიო თავისუფლებას ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა დენიელ ფრიდმა.
„ადმინისტრაციამ უნდა შეწყვიტოს ორაზროვანი სიგნალების გაგზავნა“, – განაცხადა ფრიდმა 29 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ სანქციების თაობაზე ახლად ამოქმედებულმა კანონმა შესაძლოა ვაშინგტონს მოსკოვზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების ბერკეტი მისცეს, თუ ის გამოყენებულ იქნება დიპლომატიასთან და აშშ-ის მოკავშირეებთან კოორდინაციასთან ერთად.
ფრიდმა, რომლის კარიერაც ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მოიცავდა აშშ-ის შვიდ ადმინისტრაციას, მათ შორის პოლონეთში აშშ-ის ელჩისა და სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის კოორდინატორის თანამდებობებზე მუშაობას, განაცხადა, რომ კანონი ადმინისტრაციას აძლევს ინსტრუმენტებს, დარტყმა მიაყენოს რუსეთის ენერგეტიკულ შემოსავლებსა და იმ ქვეყნებს, რომლებიც აგრძელებენ რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვას.
„სწორი მომენტი სწორედ ახლაა“, – განაცხადა ფრიდმა, რომელიც 2017 წელს გადადგა სახელმწიფო დეპარტამენტიდან.
ფრიდმა აღნიშნა, რომ კვლავ სანქციების კოორდინატორად რომ მუშაობდეს, იგი გაემგზავრებოდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი, რათა განეხილა რუსეთის ენერგორესურსების შესყიდვის შემცირება და მოლაპარაკებები გაემართა შეთანხმებებზე, რომლებიც შეამცირებდა მათ დამოკიდებულებას მოსკოვზე.
2026 წლის „ლინდსი ო. გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ“, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 სექტემბერს მოაწერა ხელი, მიმართულია რუსეთის ოფიციალური პირების, ბანკების, ენერგეტიკული სექტორისა და იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია სანქციებისთვის გვერდის ავლით მოქმედი ნავთობის ტანკერებისგან შემდგარ რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტთან. იგი ადმინისტრაციას ასევე ანიჭებს უფლებამოსილებას, ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც აგრძელებენ რუსეთის ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი მოცულობით შესყიდვას.
კანონი არ არის სრულყოფილი, განაცხადა ფრიდმა, თუმცა იგი უზრუნველყოფს საკმარის მოქნილობას იმისთვის, რომ სასარგებლო იყოს.
„მე შევძლებდი ამის გაკეთებას, და თუ მე შევძლებდი, სხვასაც შეუძლია“, – განაცხადა მან.
„რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ ამ კანონმა შეამციროს პუტინის შემოსავალი ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან“, – განაცხადა ფრიდმა. „თუ ამას გააკეთებთ, თქვენ რაღაცას მიაღწევთ“.
ფრიდმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციებმა შესაძლოა ირიბი ზეგავლენა მოახდინოს რუსეთზე იმით, რომ აიძულოს იგი, უფრო დიდი ფასდაკლებით გაყიდოს ნავთობი. „თუ ისინი ამას გააკეთებენ, თითოეული დოლარი, რომელსაც ისინი ვერ იშოვიან, კანონის წარმატებაა“, – თქვა მან.
თუმცა ფრიდმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო აქტს შეზღუდული ეფექტი ექნება, თუ ვაშინგტონიდან მომავალი სხვა სიგნალები იმას მიანიშნებს, რომ ადმინისტრაციას გლობალურ ბაზრებზე რუსული ენერგორესურსების მიწოდების შენარჩუნება უფრო ადარდებს, ვიდრე მოსკოვის შემოსავლების შემცირება.
მან მაგალითად მოიყვანა ტრამპის კომენტარები იმის შესახებ, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმები ხელს უწყობდა დიზელის ფასების გაზრდას. „ეს აგზავნის ორაზროვან სიგნალს, რომ ჩვენ სინამდვილეში გვსურს ბაზარზე მეტი რუსული ნავთობისა და დიზელის ნახვა, ვიდრე ნაკლებისა“, – თქვა ფრიდმა.
„ვაშინგტონიდან მომავალი ეს ორაზროვანი სიგნალები ძირს უთხრის კანონს, მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისინი ძირს უთხრის სწორ პოლიტიკას“, – დასძინა მან.




