ეროვნებით აფხაზი ეშბა სეპარატიზმისა და ომის წინააღმდეგი იყო და ბოლომდე რჩებოდა სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობაში.
„რუსეთში არსებობენ ძალები, რომლებიც ამ ომის გაგრძელებით არიან დაინტერესებული. თუმცა ამ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ჩვენ – აფხაზებსა და ქართველებს – შეგვიძლია“ – ამბობს ეშბა ერთერთ ინტერვიუში 1993 წელს.
აქამდე ითვლებოდა, რომ ის 27 სექტემბერს, ჟიული შარტავასთან, გურამ გაბესკირიასთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მოკლეს.
თუმცა ტრაგიკულო მოვლენებიდან 33 წლის შემდეგ რაულ ეშბას შვილი გვიყვება, რომ მამას 27 სექტემბრის შემდეგ ტელეფონით ესაუბრა – ის ტყვედ აიყვანეს, ოჯახს გამოსასყიდი მოსთხოვეს და, ფულის გადახდის მიუხედავად, ოქტომბრის დასაწყისში მოკლეს.
ვინ იყო რაულ ეშბა?
რაულ ეშბაზე ღია წყაროებში მწირი ცნობები იძებნება. მასზე ბევრი არც ქართულმა საზოგადოებამ იცის.
თბილისში მისი სახელობის, 270 მეტრი სიგრძის ქუჩა ცენტრიდან მოშორებით, ივერთუბანშია.
ეშბა 1931 წლის 6 იანვარს ოჩამჩირეში დაიბადა. მას სოხუმში კარგად იცნობდნენ. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა დიდ საწარმოებს, მათ შორის გემთშემკეთებელ ქარხანას, კინდღის მეფრინველეობის ფაბრიკასა და სოხუმის საზღვაო პორტს.
„ამბობდა, რომ მშვიდობის კაცი იყო. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სიკეთის კეთება. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იდგა მის წინაშე. ეროვნებას მისთვის, ასე ვთქვათ, პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ნამდვილად არ ჰქონდა“, – გვიყვება მისი შვილი, ინესა ეშბა, რომელიც დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობს.




