კახეთში 85 წლის ქალის მკვლელობისთვის ბრალდებული დააკავეს

შსს-ს ცნობით, დააკავეს კაცი, რომელმაც ფარულად შეაღწია ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, მოგვიანებით კი, კვალის დაფარვის მიზნით დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა.
შემთხვევა კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 5 დღის წინ მოხდა – ხანდაზმული ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებული კაცი, უწყების ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშაა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ბრალდებულმა ფარულად შეაღწია ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, კვალის დაფარვის მიზნით დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ხანდაზმული ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო”, – წერია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კახეთში 85 წლის ქალი მოკლეს