ლევილის ქართველთა მამულში “ქართული ოცნება” რესტორანს ხსნის – განცხადება ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დახურული შეხვედრა მიმდინარე კვირას, შაბათს გაიმართება და მას ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ ქართული ოცნების დელეგაცია და კონკრეტული ანსამბლი დაესწრება.
ზურაბიშვილის ნაამბობის მიხედვით, მმართველი პარტია გეგმავს მხარდამჭერებს უთხრას, რომ მათ მამული სრულად აღადგინეს, რაც მისი თქმით ტყუილია.
ლევილში საქართველოდან უზარმაზარი დელეგაცია ჩამოდის – 23 ადამიანისა და საელჩოს გარდა, არავინ იცის ამ ფაქტის შესახებ. არ ვიცი, შეიძლება პაპუაშვილიც შემოუერთდეს, შეიძლება, კობახიძეც ჩამოვიდეს. საპატრიარქოდანაც ჩამოდიან, რატომ, რა შუაში არიან, არ ვიცი. ჩამოდიან იმისთვის, რომ თქვან, დავასრულეთ ლევილის აღდგენაო, რაც რეალობას არ შეესაბამება. ემიგრაციის მუზეუმი, რომელიც აქ უნდა ყოფილიყო, არსად არ არის ჯერ. სამაგიეროდ ხსნიან ოდას – რესტორანს – ხინკალი, ტაშ-ფანდური და ასე შემდეგ… ჩამოჰყავთ “ერისიონი” მე არ ვიცი, რა დაჯდება ამდენი ადამიანის აქ ჩამოყვანა. ჩამოდიან იმისთვის რომ დახურული შეხვედრა, ქეიფი ჰქონდეთ ლევილში. შემდეგ ამას თავიანთი მუჭა მხარდამჭერებისთვის გაასაღებენ, როგორც თითქოს შეასრულეს თავისი ვალდებულება ლევილის მიმართ”- თქვა ზურაბიშვილმა.




